"მრევლმა მრავალწლიანი პატიმრობიდან დაბრუნებული, ავადმყოფობით გაძვალტყავებული პატრიარქი რომ დაინახა, ცრემლად დაიღვარა..."
სიონში ალბათ ხშირად შესულხარ, ხატების წინ მუხლიც მოგიყრია, ლოცვებსაც დასწრებიხარ
, უთვალავი სანთლის ალით გამუქებულ მის ფრესკებსაც დაკვირვებიხარ, მაგრამ არ ვიცი, გიფიქრია თუ არა, ადამიანთა რამდენ თაობას ულოცია ამ წმინდა ადგილას...მოდი, ახლა მის იატაკს და სვეტებსაც დავაკვირდეთ. ნახავ, რამდენი საოცარი ცხოვრება გაცოცხლდება შენს თვალწინ... სიონის ერთ-ერთ სვეტში პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) განისვენებს, მეორეში - პატრიარქი ეფრემ მეორე (სიდამონიძე). დღეს რამდენიმე ეპიზოდი მინდა გავიხსენო მისი ცხოვრებიდან.
სხვათა შორის, პატრიარქმა ეფრემმა ღვთისგან იცოდა, როდის გარდაიცვლებოდა და სად დაიკრძალებოდა. პატრიარქი ილია მეორე იგონებდა, - ძალიან მიყვარდა პატრიარქი ეფრემი, როდესაც მიჭირს და რჩევა მჭირდება, მის საფლავთან მივდივარ, ვესაუბრები და ისიც ყოველთვის მეხმარებაო.
როგორც გითხარი, უწმინდეს ეფრემს, როგორც საქართველოს ყველა პატრიარქს, მოწამებრივი ცხოვრება ჰქონდა, უამრავი ტანჯვა, დევნა და დამცირება გამოიარა. იგი ძალიან განათლებული პიროვნება იყო, ამასთან, უზომოდ მოწყალე და უბრალო.
XX საუკუნის 30-იან წლებში სხვა სასულიერო პირებთან ერთად პატრიარქი (იმ დროს - ეპისკოპოსი) ეფრემიც დააპატიმრეს და ციმბირის ციხეში გამოამწყვდიეს. იგი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს თითქმის მომაკვდავი გამოუშვეს საპყრობილიდან.
პატიმრის დაკონკილი ტანსაცმლით მოსილმა ერთ-ერთ იქაურ ტაძარს მიაშურა და იქ მდგარ რუს ეპისკოპოსს სთხოვა, - დამლოცეთო... ეპისკოპოსმა იგრძნო, რომ მის წინ უბრალო პატიმარი კი არა, მღვდელმთავარი იდგა და როდესაც ყველაფერი გამოჰკითხა, თავის ბინაში წაიყვანა და ერთი თვის განმავლობაში უვლიდა.
მეუფე ეფრემს ამდენი შიმშილობით კუჭის კედლები ისე გასთხელებოდა, რომ ექიმებმა პურის ან რაიმე უხეში საკვების მიღება აუკრძალეს, - კარგა ხანს მხოლოდ წყალწყალა ფაფებით იკვებებოდა.
ერთხელ თურმე თავისი ციმბირელი მასპინძლის სამზარეულოს მაგიდაზე პურის ნაჭერი დაინახა, სულმა წასძლია, შეჭამა. კუჭი ისე ძლიერ ასტკივდა, რომ ექიმებს ამ ლუკმის უკან ამოღება მოუხდათ...
თბილისში დაბრუნდა თუ არა, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარს მიაშურა, სადაც ადრე მსახურობდა. მღელვარებისაგან ტაძარში შესვლა ვეღარ მოახერხა, საფეხურზე ჩამოჯდა და აქვითინდა...
ტაძრიდან მღვდელი გამოვიდა და მრავალწლიანი პატიმრობიდან დაბრუნებული, ავადმყოფი, გაძვალტყავებული და აქვითინებული მეუფე ეფრემი რომ დაინახა, ისიც ატირდა.
მალე სხვებიც მოგროვდნენ. ყველა ერთად ქვითინებდა... მეუფეს ზოგი ეფერებოდა, ზოგი ხელებს უკოცნიდა, შემდეგ ყველანი ტაძარში შევიდნენ და მეუფე ეფრემმა გადარჩენისთვის ხმამაღლა შესწირა მადლობა წმინდა დიდმოწამე ბარბარეს.
მარიამობისას მას თურმე ორი აღთქმა დაედო: თუ სამშობლოში ცოცხალი დაბრუნდებოდა, ბარბარობა დღეს, დეკემბერში სიონის ტაძრიდან წმინდა ბარბარეს ეკლესიამდე (ეს ტაძარი 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარეობს), შემდეგ კი მცხეთიდან შიომღვიმეში ფეხშიშველი მისულიყო, რაც აღასრულა კიდეც.
დაინტერესდი მისი ცხოვრებით? წინ უამრავი საოცარი ამბავი გელის პატრიარქ ეფრემსა და არა მარტო მასზე, მაგრამ სხვა დროისთვის გადავდოთ.