"მინდა, მეფე და დიდებულები დავპატიჟო"
ერთხელ მართალმა ფილარეტმა ცოლს უთხრა, - სადილად მეფე და მისი დიდებულები დავპატიჟოთო. მართლაც, თეოზბამ მდიდრული სუფრა გაშალა.
ფილარეტმა უბრძანა თავის შვილს, იოანეს, რომელსაც იმხანად ქალაქში მაღალი თანამდებობა ეკავა, და შვილიშვილებს, რჩეულ სტუმრებს სუფრაზე მომსახურებოდნენ, თავად კი მეფისა და დიდებულების დასაპატიჟებლად წავიდა.უნდა გენახათ მთელი ოჯახის გაოცება, როდესაც მართალი ფილარეტი შინ დაბრუნდა და გარს მათხოვრები, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები ეხვივნენ - ორი ათასი კაცი იქნებოდა. "აი, მეფე მოგვიახლოვდა თავისი დიდებულებით, - თქვა ფილარეტმა, - ყველაფერი მზად გაქვთ?" მაშინ კი მიხვდნენ შინაურები, რომ მეფეს იგი იესო ქრისტეს ეძახდა, დიდებულებს კი - გლახაკებს, რომელთა ლოცვასაც ღვთის წინაშე დიდი ძალა აქვს. წმინდა ფილარეტმა ჩინებულად უმასპინძლა მეფეს, მის დიდებულებს, შემდეგ ყველას ოქროს ფული აჩუქა.
ბავშვებო, როდესაც წყალს ვასმევთ მწყურვალს, იცოდეთ, თავად იესო ქრისტეს ვასმევთ წყალს; როდესაც ვმოსავთ შიშველს, თავად იესო ქრისტეს ვმოსავთ; როდესაც შევიფარებთ მგზავრს, თავად იესო ქრისტეს ვაძლევთ ჭერს; როდესაც საპყრობილეში ვინახულებთ პატიმარს, თავად იესო ქრისტეს ვინახულებთ.
დიდი წყალობაა, იყო ღატაკთა კეთილისმყოფელი.
მოამზადა ლელა ჩხარტიშვილმა