თამარ მეფის სიზმარი
ერთხელ ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ დაღლილ თამარ მეფეს ძილი მოერია. სიზმრისეულ ჩვენებაში წარმტაცი ადგილი იხილა - სამოთხე, რომლის მშვენიერების გადმოცემა არ ძალუძს ადამიანის ენას.
იქ ოქრო-ვერცხლით შემკული ტახტები იდგა წმინდანთა დასაჯილდოებლად. ერთ-ერთი ყველაზე აღმატებული და თვალ-მარგალიტით შემკული იყო. როცა ეს ტახტი იხილა, თამარმა გაიფიქრა, - მე ხომ მეფე ვარ და ალბათ ეს ტახტი ჩემთვის არის გამზადებულიო და გაემართა მისკენ. მაგრამ ნათლით მოსილმა კაცმა შეაჩერა: - ეს ტახტი შენთვის არ არის განმზადებული, რადგან არ ძალგიძს მისი დასაკუთრებაო. თამარი გაოცდა: - ვინ არის ჩემზე აღმატებული, რომ ეს ტახტი დაიკავოსო, - ჰკითხა. ეს ტახტი შენს მსახურ დედაკაცს ეკუთვნის, რადგან თორმეტ მღვდელს მისი ხელით მოქსოვილი შესამოსელი აცვია. ამიტომაც არის შენზე აღმატებული აქ. შენ კი მეფობის დიდებაც გეყოფაო და დაბლა მდგომ ნაკლებ ტახტზე მიუთითა.გაიღვიძა თუ არა თამარმა, ის მსახური დედაკაცი მოიყვანა. ღვთისნიერმა ქალმა აღიარა - ფარულად მოვქსოვე სამღვდელო კვართნი და ფილონი და მივუძღვენი მღვდელმსახურებსო.
ამის შემდეგ წმინდა თამარმა ალექსანდრიიდან ვაჭრების მიერ ჩამოტანილი მატყლი შეიძინა, დართა და თორმეტი სამღვდელო შესამოსელი მოქსოვა, რომელნიც საკუთარი ხელით თავმდაბლად მიუძღვნა ღირსეულ მღვდელმსახურებს.