თამარ მეფის ოთხი ფრესკა
საყვარელო მკითხველო, ალბათ, გსმენია ჩვენი სახელოვანი წინაპრის წმინდა თამარ მეფის შესახებ. მეფე თამარი 1184-1207 წლებში მართავდა საქართველოს.
წმინდა თამარის მეფობის ხანას ისტორიკოსები ოქროს ხანასაც უწოდებენ, რადგან, თურმე, იმ დროს ჩვენი ქვეყანა ისეთი დიდი და ძლიერი ყოფილა, როგორც არასდროს. ჩემო პატარავ, მეფე თამარი ვერ გაიტაცა ამქვეყნიურმა შვება-სიამემ, ვერც სამეფო გვირგვინმა და სხვა ულეველმა სიმდიდრემ, რადგან ყველაზე მეტად მან უფალი შეიყვარა. თურმე, თამარ მეფე ხშირად ღამეებს მუხლმოდრეკილი ლოცვაში ატარებდა, მხურვალე ცრემლით ევედრებოდა ღმერთს წყალობას მთელი ერისთვის... ისტორიკოსები მოგვითხრობენ, რომ თამარ მეფე ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა. ძველად, თურმე, ქართველი ქალისთვის ყველაზე დიდი ქათინაური ის იყო, თუ მის სილამაზეს თამარ მეფის მშვენიერებას შეადარებდა ვინმე. თუმცა ზუსტად არავის ეცოდინებოდა, როგორი იყო დიდებული მეფე, რომ არა ის ოთხი პორტრეტი, რომლებიც ქართველებს თამარის დროინდელი ტაძრების მხატვრობაში შემოგვრჩა. ასეთი ტაძარი კი სულ ოთხია: ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისის და ბერთუბნის.
ვარძია, ჩემო პატარავ, კლდეში გამოკვეთილი დიდი მონასტერი, დიდი მღვიმე-ქალაქია. ვარძიის შესასვლელის მოპირდაპირე ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია თამარ მეფისა და მისი მამის, გიორგი III-ის პორტრეტები. ორივეს ბიზანტიელ იმპერატორთა სამოსი აცვია. თურმე, ასეთი სამოსი იმხანად ქართველ მეფეთა კარზეც ეცვათ. ამ პორტრეტზე თამარ მეფეს მანდილი გვირგვინიდან პირდაპირ მხრებზე ეფინება, ლოყებზე კი კულულების ნაცვლად მოკლე თმის ხვეულები გადმოყრია. ეს იმას გვაუწყებს, რომ თამარი დაუხატავთ დაქორწინებამდე, 1185 წლამდე.
ბეთანიის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია თამარ მეფის, გიორგი III-ისა და თამარის ვაჟის, ლაშა-გიორგის გამოსახულებანი. მოხატულობაში ყველაზე უკეთ თამარის სახეა შემონახული. იგი მოწიფულობის ასაკშია, ნიკაპზე მანდილი აქვს შემოვლებული, კულულები მხრებამდე სწვდება. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მხატვარს წმინდა მეფე უკვე გათხოვილი გამოუსახავს ტაძრის კედელზე. ჩემო პატარა მეგობარო, თურმე, მეფე თამარი ხშირად ჩადიოდა ზაფხულობით ბეთანიაში, რათა სულიერად მოესვენა, განმარტოებულიყო და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მისცემოდა.
ყინწვისის გუმბათიან ეკლესიაში თამარის, გიორგი III-ისა და ლაშა-გიორგის გამოსახულებები ჩრდილოეთის კედლის ქვედა ნაწილშია გამოხატული. აქ მეფე თამარის სამოსი და სამკაულები უმნიშვნელოდ თუ განსხვავდება ბეთანიის მოხატულობისაგან.
ბერთუბნის ეკლესია დავითგარეჯის უდაბნოს ერთ-ერთი გამოქვაბულია. სამწუხაროდ, დღეს ტაძრის მოხატულობა დაზიანებულია, თუმცა ძველი ფოტოებიდან ჩანს, რომ ამ ეკლესიაში შემსვლელი პირდაპირ ხედავდა თამარისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებს. წმინდა თამარს აქაც საზეიმო სამოსი აცვია, მისი ვაჟი, ლაშა-გიორგი კი წვერულვაშიანია, თავზე თამარივით მასაც გვირგვინი ამშვენებს, ხელთ კი ხმალი უპყრია. მხატვრობა შესრულებულია იმ დროს, როცა დედა და შვილი ერთად მეფობდნენ.
ოთხივე გამოსახულებაში თამარ მეფეს აქვს სწორი წარბები, წაგრძელებულჭრილიანი თვალები და სწორი ცხვირი.
ამბობენ, გაგონილს ნანახი სჯობიაო; ჰოდა, ჩემო პატარა მკითხველო, მჯერა, როცა გაიზრდები, თვითონ მოინახულებ ამ ტაძრებს და ჩვენი წმინდანი მეფის პორტრეტების ხილვითაც დატკბები.