მელია და ტყუილი
იყო დრო, როდესაც ისიც კი ჩანდა, რაც ახლა არა ჩანს. ტყუილსა და სიმართლეს, ავსა და კარგს, ერთგულებასა და ორგულობას ისევე ხედავდი, როგორც ციყვსა და თხას, აქლემსა და მიხაკს, თევზსა და მერცხალს.
მარცხნივ წახვიდოდი და დაინახავდი სიმართლის ყვავილს, მოსწყვეტდი, გულთან დაიბნევდი და შენც იცოდი და სხვებიც ხედავდნენ, თუ რა მართალი კაცი იყავი. მარჯვნივ გაუხვევდი და ტყუილი სოროში ჩაძვრომას ლამობდა. თუ მოისურვებდი, დაიჭერდი, უბეში ჩაისვამდი, და ისეთ ტყუილს გათქმევინებდა უბეში ჩასმული ტყუილი, რომ თვითონაც გიკვირდა, რა მატყუარა ვყოფილვარო.იმ დროში მელიაზე პატიოსანი და კეთილი ქვეყნად არავინ დადიოდა. მან ისე გაითქვა თავი თავისი სიმართლით (მელიას ამისათვის ყვავილების კრეფაც არ სჭირდებოდა), რომ ტყის ცხოველები, ცის ფრინველები და თვით ადამიანებიც, პატიოსანი და მართალიაო, ამის ნაცვლად ასე ამბობდნენ: ნამდვილი მელიაა დათვი, ე.ი. ნამდვილად პატიოსანია დათვიო; ანდა ამ სიბერის ხანს რა მოუვიდა შიოს, რომ ასე გამელიავდაო, ე.ი. ამ სიბერის ხანს რა მოუვიდა შიოს, ასეთი გულისხმიერი რომ გახდაო. მელია სასეირნოდ როდესაც გამოვიდოდა, ტყის ნადირნი და ცის ფრინველნი სულ გარშემო ეხვეოდნენ და ეკითხებოდნენ, ზოგი რას და ზოგი რას. დათვს აინტერესებდა: რომელი უფრო მეტი სიმართლეა, ის, რომ მე დათვი ვარო, თუ ის, რომ ყაყაჩო ყაყაჩო არისო? მელა უპასუხებდა: ის, რომ შენ უფრო დათვი ხარ, ხოლო ყაყაჩო უფრო ყაყაჩო არისო. ღორი ეკითხებოდა: რა რჯის წვიმას, რომ მოდისო? მელა უპასუხებდა: ბუღისაგან გამტვერილ ჰაერსაც უნდა, სუფთა რომ იყოს და ტანს იბანსო. ღორი დაირცხვენდა, უსუფთაოდ რომ დადიოდა და წითლდებოდა...
ერთხელაც დადგა ღმე. ტყეს ღრმა ძილით ეძინა. ისეთი ღრმა ძილით ეძინა, რომ იმ სიღრმეში ყველაზე ცბიერ ტყუილსაც გაუჭირდებოდა ჩასვლა. მაგრამ ტყუილი ისეთია, რომ მაინც ჩავიდა. სულ ტყუილი სიზმრები ასიზმრა მგელსა და ლომს, თაგვსა და კურდღელს, მუხას და ყვავს, იას და შველს. ლომს ესიზმრა, რომ კურდღელი შესაჭმელად დასდევდა და ცივ ოფლს ასხამდა. ვარდს ესიზმრა, რომ მასზე, ბულბულის ნაცვლად, შავი ყორანი იჯდა და ავად ჩხაოდა. თაგვს ესიზმრა, რომ კატა იყო და თავის ძმა თაგვებს დასდევდა დასაჭერად. თავად ტყეს კი ესიზმრა, რომ უდაბნო იყო - მწყურვალე და უსულო.
ამოვიდა მზე. ტყემ ღრმა ძილისაგან გაიღვიძა. ყველამ გაახილა თვალი და რა დაინახეს: ცბიერი ტყუილი, რომელმაც ასეთი ავი სიზმრები ასიზმრა მათ. დაედევნენ მოსაკლავად...
ამ დროს მელია სიმართლის გზით მიდიოდა სიმართლის ბაღისკენ სიმართლის ყვავილების მოსარწყავად. წინ ტყუილი შემოეჩეხა.
- საით გაგიწევია, ტყუილო? - ჰკითხა მელიამ.
- სიმართლის ბაღისაკენ, - მოიტყუილა ტყუილმა, - ცოდვები უნდა მოვინანიო.
- მეც სწორედ იქით მივდივარ, ერთად წავიდეთ, - უთხრა მელიამ.
- მე იმ ბაღში ვინ შემიშვებს, თუ სადმე არ დამმალე, - თავი მოიკატუნა ტყუილმა.
- მე რომ ტანსაცმელი არ მაცვია? - შეწუხდა მელია.
- შენში დავიმალები, - უთხრა ტყუილმა, - როცა სიმართლის ბაღში შევალთ, მაშინ გამომიშვი.
- კარგი, - უთხრა მელიამ და პირი დააღო.
ტყუილი პირში ჩაუხტა მელიას, ხითხით-ხითხითით ჩაირბინა მისი გრძელი ყელი, გულში გაუარა და კუდში მოიკალათა.
ამ დროს ტყიდან გამოცვივდნენ ტყის ცხოველები და ცის ფრინველები, შემოეხვივნენ მელიას და ჰკითხეს:
- მელავ ჩვენო, ტყუილი ხომ არ დაგინახავს სადმე? წუხელ სულ ტყუილი სიზმრები გვასიზმრა. ახლა უნდა მოვკლათ და საბოლოოდ მოვისვენოთ.
მელიას უნდოდა მართალი ეთქვა, - მე გადავყლაპეო, მაგრამ ცბიერმა ტყუილმა ათქმევინა - იქით წავიდაო. ყველამ დაუჯერა მელიას და "იქით" წავიდნენ. ასე მოატყუილა ტყუილმა მელია. ასე გაუტეხა მას სახელი. უნდა, რომ თქვას სიმართლე, მაგრამ ვეღარ ამბობს.
ხანდახან ახლაც აგონდება საბრალო მელიას, რომ ოდესღაც მართალი კაცი იყო (ეს მაშინ, როცა ტყუილი წამით მიიძინებს მასში), აგონდება, როგორ უყვარდა ყველას და როგორ სჯეროდათ მისი ტყის ცხოველებს და ცის ვარსკვლავებს. აგონდება და სურს, ცხვირი დააცემინოს, იქნებ ამით მაინც მოიშოროს ის ოხერი ტყუილი, მაგრამ ტყუილმა თბილი ადგილი მონახა, თავისთვის ამბობს, - მაინც მელიას აბრალებენ ყველაფერს, ასეთ ადგილს მეორედ ვეღარ ვიშოვიო - და არ გამოდის. მელიას კი ცხრაპირ ტყავს აძრობენ ტყუილისათვის.
ერლომ ახვლედიანი
ბავშვებო!
ვისაც ტყუილის თქმა გჩვევიათ, ეცადეთ, თავიდან მოიშოროთ ეს სენი. ფსალმუნში წერია: "ვისაც უყვარს სიცრუე, მას სძულს სული თვისი". მაშ, ჩვენც გავუფრთხილდეთ ჩვენს სულს, სიმართლის გზაზე ვიაროთ და ვიყოთ გულმართალი, ალალი ადამიანები. უფალი კი მოგვცემს საზღაურს, რადგანაც ამბობს: "ნეტარნი იქნებიან მშიერნი და მწყურვალნი სიმართლისთვის, რადგან ისინი გაძღებიან". მოამზადა ლელა ჩხარტიშვილმა