სამთავროს მონასტერი
მცხეთაში, იმ ადგილას, სადაც წმინდა ნინო ცხოვრობდა, მეფე მირიანმა ტაძარი ააგო და ანდერძად დაიბარა, აქ დამმარხეთო.
მართლაც, მეფე მირიანი და დედოფალი ნანა სამთავროს დედათა მონასტერში განისვენებენ.მონასტრის ეზოში წმინდა ნინოს სახელობის მცირე საყდარია. ეს ის ადგილია, სადაც წმინდა ნინო პირველად დაემკვიდრა. საყდრის გვერდით დღესაც ხარობს მაყვლის ბუჩქი, რომელმაც წმინდა ნინო შეიფარა.
სამთავროს ძველი ტაძრის ადგილზე მე-10 საუკუნეში ახალი ააგეს და მაცხოვრის სახელზე აკურთხეს. აქ სხვადასხვა სიწმინდეა ლუსკუმაში ჩაბრძანებული. ტაძარში სასწაულმოქმედი ხატებია: ივერიის ღვთისმშობლის ხატს 1917 წლამდე ცრემლი სდიოდა, ხოლო კანკელის ხატებს 1990 წლებში - მირონი.