ვინ არიან ბერ-მონაზვნები
მონასტერი ქალაქებისა და სოფლებისგან განცალკევებული ადგილია. აქ მოღვაწეობენ ისინი, ვინც უარი თქვა ჩვეულებრივ ცხოვრებაზე, დატოვა ოჯახი და საკუთარი თავი ღმერთს მიუძღვნა.
ეს ადამიანები მთელ დღეებს წირვა-ლოცვასა და შრომაში ატარებენ. არსებობს ქალებისა და კაცების ანუ დედათა და მამათა მონასტრები. მონასტერში მოღვაწე კაცს ბერი ჰქვია, ქალს - მონაზონი. მათ შავი ტანსაცმელი აცვიათ. მონასტერში მორჩილებიც ცხოვრობენ. დიდი შრომისა და მოღვაწეობის შემდეგ ისინი ბერები ან მონაზვნები ხდებიან. მონასტერს თავისი წინამძღვარი ჰყავს. ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საბედნიეროდ, ეკლესიებთან ერთად მონასტრებიც მომრავლდა. ბევრის თუ არა, რამდენიმე მონასტრის მოლოცვა ალბათ უკვე შეძელი. თუ არადა მომავალში ამ წმინდა ადგილების მოლოცვის სურვილი და ინტერესი ამჯერად აუცილებლად გაგიჩნდება.