მთაზე ცალკე კოშკი ააგო და იქ განმარტოებით ცხოვრობდა
ერთ-ერთმა ასურელმა მამამ - ანტონმა, სხვების მსგავსად, მონასტერი დააარსა. თვითონ კი მთაზე ცალკე კოშკი ააგო და იქ განმარტოებით ცხოვრობდა.
ამიტომ მას "მარტყოფელი" ანუ მარტო მყოფელი უწოდეს. მონასტერს და მის მახლობელ სოფელს კი "მარტყოფი" დაერქვა. საქართველოში ანტონმა ჩამოაბრძანა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც უფალმა ედესის მეფე ავგაროზს გაუგზავნა, რათა იგი მძიმე სენისგან განეკურნა. შემდეგ ეს ხატი სხვა სარწმუნოების მიმდევართა ეკლესიაში აღმოჩნდა. ღვთის ნებით, წმინდა მამამ სასწაულთმოქმედი ხატი უფლისა იქიდან უჩინრად წამოასვენა და საქართველოში ჩამოაბრძანა.
წმინდა ანტონი სიბერით აღესრულა და საუფლო ხატი, რომლის სახელსაც ურიცხვი სასწაული უკავშირდება, ჩვენ დაგვიტოვა.
წმინდა ანტონ მარტომყოფელის მონასტერში დღესაც გრძელდება სასულიერო ცხოვრება. მისი წმინდა საფლავის მოსალოცად ბევრი მიდის და კურნებასაც იღებს. თუ შენ წმინდა ანტონის მოსახელე ხარ და ჯერაც არ მოგილოცავს მარტყოფის მამათა მონასტერი, გირჩევ, წახვიდე შენს ახლობლებთან ერთად. იქიდან სულიერად დამშვიდებული და მადლით სავსე დაბრუნდები.