კალოზე, ბატონო მასწავლებელო!..
ხვალ უკანასკნელი გაკვეთილია... გლეხმა გათიბა ცხრა ურემი თივა... ცხრა ურემი... გაიყდა ერთი მესამედი... ჰო, ხვალაც და მორჩა... გაყიდა ერთი მესამედი...
მასწავლებელმა გვითხრა, ხვალ უკანასკნელი გაკვეთილიაო... გაყიდა ერთი მესამედი... რამდენი ურემი თივა გაუყიდია გლეხს... ხვალაც და... ჰო, რამდენი ურემი თივა გაუყიდია გლეხს... ხვალაც და... ჰო, რამდენი ურემი თივა... ახ! ნეტა ახლა თივაში კი დამაგორა და... - ნატრობს გულში გიგო და თან ამოცანას იმეორებს ტუჩებით, მაგრამ გონებაში კი ციფრები სადღაც ქრება.კლასში სიჩუმეა; ყველანი ამოცანას ჩაჰკირკიტებენ. ხანდახან მასწავლებელი ჩაახველებს ხოლმე და თანაც ისწორებს ცხვირზე წინ წამოქანებულ სათვალეს.
- არა, რა არის, რომ დღეს გათავებულიყო, ჰა? - შეეკითხა თავისდაუნებურად გიგო ამოცანაში გართულ ამხანაგს.
- რა გათავებულიყო? - გაიმეორა ამხანაგმა, რადგან ვერ მიუხვდა, რას ეკითხებოდა გიგო.
- წყნარად!.. სიჩუმე! - მოისმა მასწავლებლის ხმა და შეწყდა ჩურჩული.
"გათიბა ცხრა ურემი, გაყიდა მესამედი... რამდენი ურემი თივა..."
ებრძვის გიგო ამოცანას, მზის სხივიც ფანჯრიდან მის რვეულზე ათამაშდა.
ახლა კი მთლად დაავიწყდა გიგოს ამოცანა, კლასი, მასწავლებელი, სოფელი, მინდორი, ტყე, წყარო, ჩიტის ბუდე, ქათამი, ინდაური, პაპა, ბებია, მამიდა... აირიენ მის თვალწინ ერთმანეთში და ის რაღაც ცხრაც მათის სოფლის კუზიან დალაქივით ათამაშდა მათ შორის.
"წავალ თუ არა სოფელში, - ფიქრობს გიგო, - ჯერ ჩვენებიანთ ბიჭებს ჩამოვუვლი, მერე ერთად წყაროზე წავალთ, ვიბანავებთ, მერე, რასაკვირველია, ტყეში ჯოხებს გამოვჭრით... ისეთი ჯოხი ამოვარჩიო, ისეთი, რომ ჰა!.. მარწყვი! უჰ, შენ კი გენაცვალე მაგ თეთრ ყვავილში და ტკბილ ყელში!.. ეეე... სრულებით არ გადამავიწყდა კალო! კალოზე, აბა, კალოზე იქნება, აი, კევრს რომ შევუდგები... შრ... შრ... როგორ მიშრიალებს ძნა კევრს ქვეშ! კევრიც რა ლამაზად მილივლივებს... რა კარგი ცხენია ჩვენი ლურჯა!"
და გიგომ ერთი ისეთი დაიძახა კლასში, რომ შემკრთალი მასწავლებელი ფეხზე წამოიჭრა. ამხანაგებმა სიცილ-ხარხარი ასტეხეს.
- სადა გგონია შენ ამ წუთს შენი თავი, ჰა? - შეეკითხა მკაცრად ჯერ ისევ ფიქრებისაგან გამოურკვეველ გიგოს მასწავლებელი.
- კალოზე, ბატონო მასწავლებელო!
მიუგო გულახდით გიგომ და გაწითლებულმა ჩაღუნა თავი. იქ დახვდა რვეული, რომელზედაც ამოცანის მაგიერ გიგოს კალო დაეხატა.
იროდიონ ევდოშვილი
განმარტება
ბავშვებო, ნახეთ, როგორი სითბოთი და სიყვარულით გვიხატავს მწერალი პატარა გიგოს დაუდგრომელ, ხალას და მეოცნებე ბუნებას. ალბათ, თქვენც გადაგხდენიათ თავს ასეთი სასაცილო შემთხვევა. არდადეგების წინ განა არ გიოცნებიათ სოფელში წასვლაზე და გულისფანცქალით გინატრიათ, რომ მალე მოახლოებულიყო ეს სანუკვარი დრო? რა სჯობია ტკბილ ოცნებას! ღმერთმა ყველა ლამაზი ოცნება აგიხდინოთ, მაგრამ ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეთ. თორემ შესაძლოა, ისეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, როგორშიც ეს ჩვენი საყვარელი გიგო აღმოჩნდა და მასავით დარცხვენილებს მოგიწიოთ თავის ჩაღუნვა. ამიტომ, ეცადეთ, გაკვეთილზე მასწავლებელს მოუსმინოთ, ცოტა გაიჭირვოთ, ისწავლოთ, იბეჯითოთ, უფროსებს დაუჯეროთ და ამის მერე ყველა ოცნება აგიხდებათ. ღმერთმა არ მოგაკლოთ სიხარული, გაგიხანგრძლივოთ ტკბილი და უდარდელი ბავშვობა, დიდხანს, რაც შეიძლება დიდხანს შეგნარჩუნებოდეთ ბავშვური გული და სიხალასე.