რაზე მოგვითხრობს სამღვდელო შესამოსელი
მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურებას ასრულებენ საგანგებოდ ამისთვის არჩეული და ნაკურთხი პირები: ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკვანი.
ეპისკოპოსს უფლება აქვს, შეასრულოს ყველა საიდუმლო. გარდა ამისა,აკურთხებს სხვა პირსაც საიდუმლოების შესასრულებლად, აკურთხებს ტაძრებს. მღვდელი აღასრულებს ყველა საიდუმლოებას, მღვდლობის საიდუმლოს გარდა; დიაკვანი მხოლოდ ემსახურება საიდუმლოების შესრულებისას. ღვთისმსახურების დროს სამღვდელონი შეიმოსებიან სამღვდელო შესამოსლით. ესენია: სტიქარი, გინგილა, სამკლავე, ოლარი, სარტყელი, ფილონი, ბისონი და ომოფორი. მათგან სადიაკვნოა: სტიქარი, გინგილა და სამკლავე; სამღვდელო: სტრიქატი, ოლარი, სამკლავე, სარტყელი და ფილონი; სამღვდელმთავრო: სტიქარი, ოლარი, სამკლავე, სარტყელი, ბისონი და ომოფორი.
სტიქარი არის გრძელი, სახელოებიანი შესამოსელი და ნიშნავს ცხოვრების სიწმინდეს. გინგილა გრძელი და საკმაოდ ფართო ლენტია, რომელსაც დიაკვანი ატარებს მარცხენა მხარზე და ნიშნავს სულიწმინდის მადლს. სამკლავე მაჯის შესამოსელია, იკეთებენ ღვთისმსახურების დროს სიმარჯვისთვის და ნიშნავს შესაკრავს, რომლითაც შეკრული იყო მაცხოვრის ხელები. ოლარი არის ორად შეკეცილი გინგილა, იკიდებენ კისერზე, რაც ნიშნავს სულიწმინდის მადლს. სარტყელი არის განიერი ლენტი და მას მღვდელი და ეპისკოპოსი შემოირტყამენ წელზე - ნიშნავს ღვთის ძლიერებას.
ფილონი არის განიერი უსახელო შესამოსელი, უკან გრძელი და წინ მოკლე. ბისონი არის მოკლე, სტიქარის მსგავსი შესამოსელი მოკლე სახელოებით. ფილონი და ბისონი აღნიშნავენ ძოწეულს, რომელიც ჩააცვეს მაცხოვარს. ომოფორი არის გრძელი, განიერი ლენტი, რომელიც ეპისკოპოსს აქვს მხრებზე სხვა სამოსლის ზემოთ. ეს კი ნიშნავს დაკარგულ ცხოვარს და ახსენებს, რომ იზრუნოს ეკლესიის შვილისთვის.
ეპისკოპოსის სამკაულს ეკუთვნის ასევე მიტრა, პანაგია, ენქერი და კვერთხი. მღვდელმთავრის მსახურების დროს იხმარება კიდევ რიპოდი (სამწერლობელი) და არწივნი (მრგვალი ნოხი, რომელზედაც არწივია გამოხატული). დამსახურებულ მღვდლებს აძლევენ გვერდსაკიდს, სკუფიას, კალიმავკას, გულის ჯვარს და დეკანოზობის ხარისხს, კიდევ უფრო დამსახურებულს - მიტრასაც.