როცა ეკლესიის ზარების ხმა შემოგესმება, უმალვე ტაძრისკენ გაეშურე
ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ საქართველოში ეკლესიების შენება დაიწყო. ეკლესია, ტაძარი, საყდარი - ასე ვუწოდებთ მლოცველი მართლმადიდებელი ადამიანების ადგილს.
"ეკლესია" ბერძნული სიტყვაა და "შესაკრებელს" ნიშნავს. ალბათ არ იცი, რომ საქართველოში უძველესი დროიდან სამი სახის ტაძარი შენდებოდა: დარბაზული, ბაზილიკური და გუმბათიანი. ბევრ ეკლესიას ჩვენში გუმბათი ადგას თავზე, რაც სიმბოლურად გამოსახავს ანთებულ სანთელს, ლოცვის მგზნებარებას და ჩვენს მისწრაფებას ღმერთისკენ.
ყველა ტაძრის თავზე აღმართულია ჯვარი.
ეკლესიას ქვით ან აგურით აშენებენ. ხშირად მას კარგად გათლილი ქვით აპირკეთებენ. მას პერანგი ეწოდება. ტაძრის პერანგს ალამაზებს ჩუქურთმა ან რაიმე გამოსახულება - რელიეფი. ეკლესიის ფანჯარას სარკმელი ჰქვია.
ტაძარში ყველაზე მთავარი ადგილი საკურთხეველია. იქ შესვლა მხოლოდ ეკლესიის მსახურებს შეუძლიათ. ხშირად ტაძრის კედლები შიგნიდან მოხატულია. ასეთ ნახატს ფრესკა ეწოდება.
ეკლესიის ახლოს სამრეკლოსაც შეამჩნევთ. აქ ზარები კიდია. მისი რეკვით მორწმუნეებს მოუხმობენ ტაძარში სალოცავად, ჰოდა, როცა ეკლესიის ზარების ხმა შემოგესმება, ჩემო კეთილო ადამიანო, უმალვე ტაძრისკენ გაეშურე. იქ ღვთის სიტყვას გაიგებ და ეზიარები ქრისტეს სისხლსა და ხორცს.