ვახტანგ მეფე ცხენს გაიდებდა მხრებზე და ასე ავიდოდა მცხეთიდან არმაზის ციხემდე
ქართლი - ძველთაძველი მხარეა. ჩვენი სამშობლოს სახელწოდებაც "ქართლიდან" მოდის. ქართლში მდებარეობს დედაქალაქი თბილისი.
თბილისიდან დასავლეთით მიემართება საშუალო სიმაღლის მთები, რომელსაც თრიალეთის ქედი ეწოდება. იგი ქართლს ორ ნაწილად ყოფს. თრიალეთის ჩრდილოეთით შიდა ქართლია, სამხრეთით - ქვემო ქართლი.ახლა ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალზე გიამბობ. ვახტანგ მეფე საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 13 დეკემბერი. სიყრმიდანვე შეიყვარა რჯული ქრისტესი. იგი იყო ყველა იმ ჟამის კაცთა შორის უმაღლესი, უმშვენიერესი სახითა და ძლიერი ძალითა, ისე, რომ ირემს მიეწეოდა, ჩასჭიდებოდა რქებში ხელს და დაიჭერდა. ცხენს გაიდებდა მხრებზე და ასე ავიდოდა მცხეთიდან არმაზის ციხემდე.
თუ შენც, ჩემო მკითხველო, მცირედით მაინც მიემსგავსები წმინდა მეფე ვახტანგს ქვეყნისა და სარწმუნოების სიყვარულში, ისეთივე ძლიერი და მშვენიერი იქნები.
ვახტანგ გორგასალმა ააგო ციხე-ქალაქი უჯარმა. ის კახეთის მთავარი ქალაქი იყო. ვახტანგმა აქ ააშენა სამეფო სასახლე. მართალია, დედაქალაქი კვლავ მცხეთა იყო, მაგრამ მეფე უჯარმაში გადასახლდა და აქედან მართავდა ქვეყანას. ვახტანგის ციხე დღემდეა შემორჩენილი. შეიძლება სწორედ ამ სასახლეში გარდაიცვალა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი. კარგი იქნება, თუ უჯარმას შენს მეგობრებთან ერთად მოინახულებ.