თუ გულმხურვალედ შეევედრები, წმინდანი ყველა სურვილს შეგისრულებს
წმინდა იოანე ზედაზნელს ხატზე ცალ ხელში სახარება უპყრია, მეორეში კი გრძელი კვერთხი (ჯოხი). ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმინდა ცხოვრებითა და სასწაულებით.
ერთხელ მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თორმეტი მოწაფის, ბერის არჩევა და მათთან ერთად საქართველოში წასვლა ქრისტეს სჯულის სადიდებლად. ბერები ზედაზნის მთაზე დასახლდნენ (ეს მთა მცხეთასთანაა). ქრისტიანობამდე მთის თავზე იდგა წარმართული ზადენის კერპი. აქედანაა სახელიც: "ზედ ზადენი". ცამეტი ასურელი მამა ჯერ ერთად ცხოვრობდა, შემდეგ სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ. იოანე აქვე დარჩა და მას იოანე ზედაზნელი ეწოდა. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. უფალმა ისმინა წმინდა ბერის ვედრება და მთის მწვერვალზე მაკურნებელი წყარო აღმოაცენა. წმინდა იოანეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროს დათვი შეეჩვია. წმინდა მამის ლოცვით მხეცი მოთვინიერდა და ამის შემდეგ ზედაზნის ტყის ბინადარი ნადირები კაცთაგან არავის ერჩოდნენ. ღირსი იოანეს ლოცვით, დიდი ხნის დავარდნილი სნეული და დამუნჯებული ადამიანი განიკურნა.
ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმინდა იოანეს უფლისგან გამოეცხადა აღსასრულის მოახლოება. მისმა მოწაფეებმა ზედაზნის ძირას მდებარე მონასტერში წაასვენეს მოძღვარი. ღირსი მამა მისმა მოწაფეებმა ანდერძისამებრ დაასაფლავეს.
X საუკუნეში აშენდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია. წმინდა იოანე ზედაზნელის საფლავი ტაძარშია.
დღეს ამ მონასტერში ბერები მოღვაწეობენ. ღირს მამა იოანეს თუ გულმხურვალედ შეევედრები, პატარა იოანე, ამ წმინდანის მოსახელევ, და შენს მეგობრებსაც სთხოვ, ასევე მოიქცნენ, წმინდანი ყველა სურვილს აუცილებლად შეგისრულებს.
საქართველოს ეკლესია ღირსი მამის ხსენების დღეს 20 მაისს აღნიშნავს. ამ დღეს ზედაზნის მონასტერში ხილული სასწაული ხდება. ტაძრის შიგნითა კედლები ნამით იცვარება. ეს ნიშანია იმისა, რომ წმინდა მამა მუდამ ჩვენს გვერდითაა და ჩვენზე ლოცულობს. შეგვეწიოს წმინდა იოანე ზედაზნელის მადლი.