არ მინდა, იქ რომ მოხვდები, ამ ორი უდიდესი ბერის კურთხევის გარეშე გაბრუნდე შინ, ამიტომ ჯერ მამა პართენ აფციაურის შესახებ გიამბობ, შემდეგ მამა აბრაამსა და სხვა მცხეთელ ბერებზე.
მამა პართენი
ამბობენ, მამა პართენი უდიდესი მლოცველი, სასწაულთმოქმედი და გულთამხილავი ბერი იყო, რომელსაც ბავშვივით უმანკო, მოსიყვარულე გული და საოცრად ნათელი, მშვიდი სახე ჰქონდაო... მშობლებისთვის ღმერთს მისი თავი სასწაულებრივად უჩუქებია: - უშვილობით შეწუხებულ მამამისს, ალექსი აფციაურს ღმერთისთვის უთხოვია, - ოღონდ შვილი მაჩუქე და ბერად აღვზრდი და შენ შემოგწირავო.
შეუსმენია უფალს ალექსის ლოცვა და მალე ვაჟი უჩუქებია, რომელსაც ივანე დაარქვეს...
გავიდა სამი წელიწადი. ივანე უეცრად ავად გახდა და გარდაიცვალა... მთელი სოფელი ლოცულობდა მისთვის, მაგრამ რაღას უშველიდნენ სამი დღის მიცვალებულს?
ამ ტირილსა და ვაებაში მათ სახლში ვიღაც უსინათლო ბერი შესულა, რომელსაც გამწარებული მამისთვის შეუხსენებია: - ალექსი, ხომ არ დაგავიწყდა შენი აღთქმაო?
- არა, მამაო, ღმერთს როგორ მოვატყუებდი, მაგრამ ახლა რაღა ვქნა, მკვდარი შვილი როგორღა გავაცოცხლოო?
- მაშინ ადექი და მთიულთა წესით, დედაბოძზე ნიშანი დასვი, რომ თუ შვილი გაგიცოცხლდა, შენს აღთქმას შეასრულებო.
ამდგარა ალექსი, მკვდარი ივანე ხელში აუყვანია და როგორც კი დედაბოძზე ხანჯლით ნიშანი დაუსვამს, ბავშვსაც თვალები გაუხელია...
ივანე წამოიზარდა, ყოველდღიური შრომით დაღლილ ალექსის კი დაავიწყდა ღვთისთვის მიცემული აღთქმა და ივანეს დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ 16 წლის ივანე შინიდან წავიდა, დიდთოვლობის მიუხედავად, შიომღვიმის მონასტრამდე ფეხით ჩამოაღწია, ბერად აღიკვეცა და იქ დარჩა...
როდესაც მამამ მისი უკან დაბრუნება განიზრახა, ივანემ უთხრა, - რა ვქნა, მამა, ყველაზე მეტად ღმერთი მიყვარს და ჩემი ადგილი მონასტერშიაო...
მამა პართენმა უდიდესი ამაგი დასდო ქართულ ეკლესიას. პატრიარქ ეფრემ მეორის მიერ მცხეთაში გახსნილ სასულიერო სემინარიასაც დიდად ეხმარებოდა... მაშინ ხატები და სასულიერო ლიტერატურა იშვიათობა იყო, მამა პართენს თურმე სპეციალურად შეუსწავლია ფოტოსაქმე, რომ ხატები გაემრავლებინა და ხალხისთვის ეჩუქებინა... მამა პართენის მადლიანი ლოცვით არაერთი უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანი განკურნებულა...
მამა პართენმა 7 თვით ადრე ღვთისგან იცოდა, რომ გარდაიცვლებოდა. სულიერი შვილებისთვის დაუბარებია, - მთელ საქართველოს დალოცვილს ვტოვებ, თქვენ ჩემთვის ილოცეთ, მე კი არ მიგატოვებთ, ლოცვა არ შეწყვიტოთო...
მამა პართენ აფციაური 1984 წელს გარდაიცვალა. შეგვეწიოს, მეგობარო, მისი წმინდა ლოცვები...