ერთხელ ხელში ჩაუვარდა სასწაულებრივი სათვალე, რომელიც ნანატრის შეცნობაში დაეხმარებოდა. მაგრამ საშინელება მოხდა: როგორც კი გაიკეთა, მისი მოხსნა ვეღარ შეძლო. ვერც იმას ვიტყვით, რომ ყველა ადამიანი მაინცდამაინც კარგი სახით წარმოუდგა. აღმოჩნდა, რომ ცუდი, ბოროტი, მანკიერი, ავის მოსურნე უფრო მეტი ყოფილა, ვიდრე კარგი.
დაღონდა. ხალხისგან გარიდება იწყო. მასაც ყველა გაურბოდა. მალე სრულიად მარტო დარჩა. ასეთ საშინელ სამყაროში ცხოვრება აღარ სურდა და სიკვდილზე ფიქრი მოეძალა.
ერთხელ ნათლის ანგელოზი გამოეცხადა: - სხვებში რომ ეძებ სრულყოფილებას, შეხედე საკუთარ თავს და ამის შემდეგ, თუკი გაბედავ, განსაჯე სხვებიო. უთხრა ეს და სასწაულებრივ სათვალეს შეეხო. კაცმა მყისვე საკუთარი სული, გული და ზრახვები დაინახა. ყოველივე ეს ისე შორს იყო სრულყოფილებისგან, რომ შეძრწუნებულმა შესძახა:
- ღმერთო, რა ცოდვილი ვარ! შემინდე!
სათვალე მის ფეხებთან დაეცა და დაიმსხვრა.
- უფალო, ახლა რაღა ვქნა, როგორ ვიცხოვრო? - შეჰღაღადა.
- ნუ აღიმაღლებ თავს, შეუნდე ადამიანებს სისუსტეები და ბედნიერი იქნები, - უთხრა დამშვიდობებისას ანგელოზმა და თვალს მიეფარა.
სხვა ადამიანებში სიკეთეს უკეთ დავინახავთ, ვიდრე ბოროტებას
ბავშვებო, IV საუკუნეში ცხოვრობდა წმიდა მამა ეფრემ ასური, რომელმაც დაწერა დიდმარხვაში (აღდგომის წინა მარხვა) წასაკითხი სინანულის ლოცვა. ამ ლოცვაში წერია: უფალო, მომანიჭე განცდა საკუთარი და არა სხვისი ცოდვისა. ცოდვებში იგულისხმება ის ნაკლოვანებები, რომლებიც ჩვენ, ადამიანებს, გვახასიათებს და რომელთა გამოსწორებაზე ზრუნვა ყოველი ქრისტიანის ვალია. საკუთარ თავში ნაკლოვანებების დანახვას კი თვალი სჭირდება. არა ის, რომლითაც ვხედავთ ადამიანებს, მცენარეებს, შენობებს და ა.შ., არამედ სულიერი თვალი, რომლითაც იყურება გული და გონება. თუკი თვალი დაგვიზიანდება, მტვერი შეგვეყრება ან გვეტკინება, გარემომცველ საგნებს ისეთი სიცხადით ვეღარ დავინახავთ და აღვიქვამთ. ასევე, თუკი სული ცოდვებით დაგვიბინძურდება, სულიერი თვალი დაიბინდება და საკუთარი ცოდვების ნაცვლად სხვის ცოდვებს დავინახავთ. ამიტომ ამბობს სახარებაში მაცხოვარი: "სხეულის სანათი თვალია, ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც (არსება) ნათელი იქნება. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეული ბნელი იქნება. ამრიგად, თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდია?" (მათე 6,22-23).
ამ სიტყვებით უფალი შეგვაგონებს, რომ ვიზრუნოთ სულის სისუფთავეზე და მაშინ სხვა ადამიანებში სიკეთეს უკეთ დავინახავთ, ვიდრე ბოროტებას. ასე მოვიხვეჭთ ყველაზე დიდ ჯილდოს - სულიწმინდის მადლს.