ვიცი, რომ, ღვთის წყალობით, კარგად ხარ. ღმერთი ზრუნავს შენზე და ყველა შენს პაწია გულის მოძრაობას ყურადღებას აქცევს. თითქოს გგონია, ჩუმად, შენთვის რაღაც გაიფიქრე, ოცნების კოშკები ყველასგან მალულად ააგე გულსა და გონებაში, მაგრამ ამ დროს კეთილი ღმერთი შენთან არის და ყველა შენს ნატვრას სხვაზე ადრე იგებს. თუ ძალიან, ძალიან შესთხოვ, აუცილებლად შეისმენს და გამოგიგზავნის იმას, რაც გულით გინდა. ასეთი შემთხვევა, ვიცი, ბევრჯერ გექნებოდა, მაგრამ ყურადღებას არ მიაქცევდი. არადა, ის, რაც დედიკომ და მამიკომ ან კეთილმა ადამიანებმა შეიძლება ახლაც მოგცენ, ის ღმერთმა მოგცა და გაგახარა. იცოდე, როცა კიდევ გექნება ასეთი მოულოდნელი სიხარული, გაიქეცი შენს სალოცავ კუთხესთან და ღმერთს ხატების წინ მადლობა უთხარი.
***
ალბათ ტაძარში უკვე დადიხარ, სანთელსაც ანთებ, ხატებსაც ემთხვევი. მონათლულიც იქნები, ჩემო კარგო, მაგრამ შეიძლება კარგად არც კი იცი, რა არის ნათლობა და რატომ ვინათლებით. ყური მიგდე: ნათლისღების საიდუმლო მართლმადიდებელ ეკლესიაში დადგენილია თვით უფალ იესო ქრისტეს მიერ. წმინდა ნათლობის მიღებით ჩვენ ქრისტიანები ვხდებით, ახალი, სულიერი ცხოვრებისთვის ვიშვებით და ვიძენთ წოდებას ქრისტეს მოწაფეებისა. მირონცხების საიდუმლოთი ვიღებთ სულიწმინდის მადლს და შევიქნებით ტაძრად ღმრთისა. ნათლობის დროს გულზე ჯვარს გვკიდებს მოძღვარი და სახელსაც გვარქმევს, ჩვენი მფარველი წმინდა ანგელოზის სახელს... გახსოვდეს, ჯვარი მუდამ გულზე გეკიდოს და არასოდეს მოიხსნა. ახლა მოგიყვები, რა ძალა აქვს ჯვარს:
ერთხელ სამი გოგონა ლიანდაგს მიუყვებოდა. მოულოდნელად ორმა მატარებელმა ჩამოიქროლა. გოგონები მათ შორის მოხვდნენ და სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. გაოგნებულებს ასეთი საუბარი ჩაესმათ:
- როგორ გაუშვი ასეთი შემთხვევა ხელიდან, - ეუბნება ერთი ხმა მეორეს, - როგორ ვერ ჩააგდე გოგონა მატარებლის ქვეშ?
- ვერ მოვახერხე, - მიუგო მეორე ხმამ, - ჯვარმა დაიფარა, - მაგრამ შენ რატომღა არ ჩააგდე შენი საკბილო, მას ხომ არ უკეთია ჯვარი?
- არ უკეთია, მაგრამ მან შინიდან გამოსვლისას გადაიწერა პირჯვარი და ამან დაიფარა.
- შენ რაღა დაგემართა?! - ახლა ვიღაც მესამეს მიმართა ორივემ, - შენი სამსხვერპლო ხომ მაინცაა ურწმუნო, არც ჯვარი უკეთია და არც პირჯვარს იწერს!
- ჰო, მაგრამ მას დედა ჰყავს მორწმუნე და იმან გადასახა ჯვარი შინიდან გასვლისას: - ჯვარი გწერია, შვილოო. მისი სიტყვები ღმერთამდე ავიდა და მან განმაიარაღა.
ეს ხმები ბოროტ ძალებს ეკუთვნოდა. ისინი ყოველთვის თან დაჰყვებიან ადამიანებს. ამიტომაც უნდა ვატაროთ ჯვარი და ყველაფერს გადავსახოთ კიდეც.
ჯვრის ძალასთან ერთად მფარველი ანგელოზი გვიფარავს. ნათლობის დროს გიორგი დაგარქვეს? და მერე იცი, ვინ იყო წმინდა გიორგი და როგორი ძლევაშემოსილია? ამბობენ, საქართველოში 365-ვე დღე წმინდა გიორგისააო. ძალიან ბევრი ეკლესიაა ჩვენს ქვეყანაში წმინდა გიორგის სახელობისა. ახოვანი და დიდებული მხედარი ქრისტეს მხედრადაა წოდებული.
წმინდა გიორგი ზეციური მხედრობის წევრია; მას დიდმოწამის სახელით ვიხსენიებთ. მას მთელი საქრისტიანო სამყარო ეთაყვანება, მაგრამ განსაკუთრებულ პატივს და სიყვარულს მაინც საქართველოში მიაგებენ.
წმინდა გიორგი ეწამა მართლმადიდებლობისთვის ოცდაათი წლის ასაკში. ეკლესია მის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 23 აპრილს (6 მაისს) - წმინდანის აღსრულების დღეს და 10(23) ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს.