ვახსენოთ ღმერთი და დაუყოვნებლივ შევუდგეთ სწავლას
ბავშვებო, ალბათ მრავალ თქვენგანს უნახავს ძველი ქართული ასოებით შესრულებული წარწერები ტაძრის კედლებსა თუ ხატებზე.
დამეთანხმებით, შეუძლებელია, არ მიგვიზიდოს ამ უმშვენიერესმა წარწერებმა და არ გვანატრინოს - ნეტავი წამაკითხა, რა წერიაო. უცხოელი კაცი რომ გვესტუმროს და ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობის სურვილი გაგვიმხილოს, რაღა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა ჩვენი სიძველეების მოსახილველად წავუძღვებით სტუმარს.
ატენის სიონში ავედით. დავათვალიერეთ ტაძარი. მოვიხიბლეთ მისი უძველესი და უმშვენიერესი ფრესკებით. მივუახლოვდით ერთ-ერთ კედელს და ჩვენთვის უცნობი ასოებით ამოკვეთილი წარწერა შევნიშნეთ (სხვათა შორის, ეს წარწერა 835 წლით თარიღდება). უცხოელმა სტუმარმა რომ გვკითხოს, რა წერიაო, - რას მივუგებთ? განა არ შეგვრცხვება, რომ ძველი ანბანი არ ვიცით? აი, ამიტომ საქმეს სახვალიოდ ნუ გადავდებთ, ვახსენოთ ღმერთი და დაუყოვნებლივ შევუდგეთ სწავლას.
ქართული ანბანი ძალიან ძველია, ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. დედამიწის ზურგზე ასეულობით ერი სახლობს, მაგრამ ყველას კი არ აქვს საკუთარი დამწერლობა, დიდზე დიდი უმრავლესობა სხვის ანბანს იყენებს. ანბანი სულ თოთხმეტია ქვეყნიერებაზე და ამ თოთხმეტიდან ერთ-ერთი ქართულია.
ჩვენ რომ ახლა ანბანს ვიყენებთ, მას მხედრული ჰქვია. მხედრულს წინ ნუსხური უსწრებდა, ნუსხურს კი - ასომთავრული.
პირველი ქართული დამწერლობა ასომთავრული იყო. ამ ანბანს მრგლოვანსაც უწოდებენ, რადგან მისი მოხაზულობა უმთავრესად მომრგვალებულია. ასომთავრულისგან თანდათანობით განვითარდა ნუსხური, ხოლო ნუსხურისგან - მხედრული, რომლითაც დღეს ვწერთ და ვკითხულობთ ქართველები.
V-IX საუკუნეების ჩვენთვის ცნობილი ყველა წარწერა თუ ხელნაწერი ასომთავრული (მრგლოვანი) ანბანით არის შესრულებული. X-XI საუკუნებში თანდათან ბატონდება ნუსხური. XI საუკუნიდან კი უკვე მხედრულ ანბანს იყენებენ.
X-XVIII საუკუნეებში სამივე ანბანი ერთდროულად გამოიყენებოდა. ასომთავრულითა და ნუსხურით უმეტესად შესრულებულია სასულიერო (საეკლესიო) მწერლობის ძეგლები, მხედრულით - საერო მწერლობისა. სწორედ ამის გამო უწოდებენ ასომთავრულს და ნუსხურს ერთად ხუცურს (ნაწარმოებია სიტყვიდან "ხუცესი", რომელიც მღვდელს ნიშნავდა). "მხედრული" კი მომდინარეობს სიტყვიდან "მხედარი" (ცხენზე მჯდომი კაცი).
ალბათ, გაინტერესებთ, როდის და როგორ შეიქმნა პირველი ქართული დამწერლობა - ასომთავრული.
"ქართლის ცხოვრებაში", რომელიც საქართველოს ისტორიას მოგვითხრობს, არის ასეთი თხზულება - "მეფეთა ცხოვრება". იგი XI საუკუნის ისტორიკოსმა - ლეონტი მროველმა დაწერა. ამ თხზულების მიხედვით, ჩვენი დამწერლობის შემოქმედი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს პირველი გაერთიანებული სამეფოს დამაარსებელი - ფარნავაზია. აი, რას გვამცნობს მემატიანე (მეისტორიე):
ქალაქ მცხეთაში ერთი ჭაბუკი ცხოვრობდა, სახელად ფარნავაზი, ყოველმხრივ შემკული ჭაბუკი: "გონიერი, შემმართებელი მხედარი და სახელოვანი მონადირე". მას ძალზე აწუხებდა თავისი ქვეყნის ბედი.
ერთხელ სიზმარი ნახა: უკაცრიელ სახლში იყო. გარეთ გასვლას ლამობდა, მაგრამ ვერ გაეღწია. მაშინ სარკმელში მზის შუქი შემოიჭრა, ფარნავაზს წელზე შემოერტყა და სარკმლიდან გაიყვანა. ველად გასულმა დედამიწაზე ჩამოსული მზე იხილა. ხელი შეახო მნათობს, პირიდან ცვარი მოხოცა და სახეზე იცხო.
კეთილად ენიშნა ფარნავაზს სიზმარი. მართლაც, მალე სასწაულებრივად მიაგნო დიდძალ განძს: დიღმის ველზე ირმის ჯოგს დაედევნა. ირმები თბილისისკენ გამოიქცნენ. ფარნავაზმა ერთ-ერთი ირემი დაჭრა, რომელიც კლდის ძირას დაეცა. ამასობაში დაღამდა. გაწვიმდა. ფარნავაზმა კლდის ძირას კარი შენიშნა და გამოქვაბულს შეაფარა თავი. შევიდა და რას ხედავს: უძვირფასესი განძი! ამ განძის მეშვეობით ფარნავაზმა დიდძალი ჯარი დაიქირავა, სძლია მტერს და ძლიერი ქართული სახელმწიფო შექმნა.
მეფეს თავის სახელმწიფოში ყველაზე დიდი უფლება ქართული ენისთვის მიუნიჭებია - ის სახელმწიფო ენად გამოუცხადებია. ეს მოხდა 23 საუკუნის ანუ ორი ათას სამასი წლის წინ.
იმედი მაქვს, ჩემო პატარებო, ხუცური ანბანის შესწავლას დიდი სიყვარულითა და გულისყურით მოეკიდებით. ამით ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევას აღასრულებთ.