დღის საკითხავები
ლიტ.: ეფ. 1: 7-17 (დას. 217). ლკ. 4: 22-30 (დას. 14).
ეფ. I, 7-17.
7. ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
8. ესოდენ უხვად რომ გვიბოძა ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით,
9. და გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე კეთილმოსურნეობით,
10. რითაც წინასწარ განსაზღვრა თავის თავში, განეგო ჟამთა სისრულე და ყოველივე ზეციურისა და მიწიერისთვის თავი მოეყარა ქრისტეში,
11. რომელშიაც გავხდით მემკვიდრენი, რაც წინასწარვე განკუთვნილი იყო ჩვენთვის მისი განჩინების თანახმად, ვინც ყველაფერს აღასრულებს თავისი ნებით,
12. რათა მისი დიდების მაქებარნი ვყოფილიყავით, იმთავითვე ქრისტეს მოიმედენი;
13. მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,
14. რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად.
15. ამიტომ მეც, როცა გავიგე თქვენი რწმენა უფალ იესოსადმი და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,
16. გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ,
17. რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;
ლკ. IV, 22-30.
22. ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?
23. და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ.
24. მან თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ თავის მამულში.
25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა მთელს ქვეყანაში.
26. მაგრამ არავის მოვლინებია ელია, გარდა ერთი ქვრივი ქალისა სიდონის სარეპტაში.
27. მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნეემან სირიელის გარდა.
28. ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო სინაგოგაში.
29. ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ.
30. მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა.