დღის საკითხავები
ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი შაბათისა: 1 კორ. 1: 26-29 (დას. 125 შუა). ინ. 8: 21-30 (დას. 30).
რიგ.: 1 კორ. 4: 17-5: 5 (დას. 132). მთ. 24: 1-13 (დას. 97).
1კორ I, 26-29.
26. დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული.
27. მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.
28. უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი,
29. და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.
ინ. 8,21-30
21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ.
22. იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო?
23. და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე - იმქვეყნიური.
24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით.
25. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით?
26. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი.
27. მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას.
28. და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ.
29. ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას.
30. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.
1კორ IV, 17 - V, 5.
17. სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, ჩემი საყვარელი და სარწმუნო შვილი უფალში, რათა გაგახსენოთ ჩემი გზები ქრისტე იესოს მიერ, თუ როგორ ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში.
18. ზოგიერთს ისე გაუვიდა თავს, თითქოს არც ვაპირებდე თქვენთან მოსვლას.
19. მაგრამ, თუ ღმერთმა ინება, მალე მოვალ და გამოვცდი თავგასულთა სიტყვას კი არა, არამედ ძალას.
20. რადგანაც ღვთის სასუფეველი სიტყვით კი არ არის, არამედ ძალით.
21. რა გსურთ? კვერთხით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თვინიერების სულით?
1. როგორც ამბობენ, დაწყებულა თქვენში მრუშობა და თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი არ სმენიათ თვითონ წარმართთაც, რომ ვიღაცას მამის ცოლი თურმე ცოლად ჰყავს.
2. თქვენ კი ქედმაღლობთ, ნაცვლად იმისა, რომ გეგლოვათ და მოგეკვეთათ ამნაირი საქმის ჩამდენი.
3. ხოლო მე - თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, - უკვე მსჯავრი დავდე, როგორც თქვენს შორის მყოფმა, ამ უკეთურების მოქმედს.
4. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესოს ძალით, -
5. სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს.
მთ. XXIV, 1-13.
1. გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის.
2. ხოლო იესომ მიუგო მათ: ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა.
3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?
4. იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.
5. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ.
6. გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.
7. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ.
8. ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია.
9. მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო.
10. მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს.
11. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს.
12. და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული.
13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.