სიბრძ. 4: 7-15.
7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება.
8. რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება.
9. სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია.
10. ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა.
11. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული.
12. რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა.
13. მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა;
14. რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა,
15. რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე.
ლკ. VI, 17-23.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
გალ. II, 11-16.
11. მაგრამ, როცა ანტიოქიაში მოვიდა პეტრე, წინ აღვუდექი მას, რადგანაც გასაკიცხი იყო;
12. ვინაიდან იაკობის მიერ ზოგიერთი წარმოგზავნილის მოსვლამდე წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლის შემდეგ განდგა და განცალკევდა წინადაცვეთილთა შიშით.
13. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ დანარჩენი იუდეველნიც, ასე რომ, თვით ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.
14. მაგრამ, როდესაც დავრწმუნღი, რომ წრფელი გზით როდი მიდიან სახარებისეული ჭეშმარიტებისკენ, ყველას წინაშე ვუთხარი კეფას: თუკი შენ, იუდეველი, წარმართულად ცხოვრობ და არა იუდეურად, რატომღა აიძულებ წარმართებს, რომ იუდეველობდნენ?
15. ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილი წარმართნი.
16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი.
მკ. V, 24-34
24. ისიც წაჰყვა; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა.
25. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა,
26. ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, -
27. იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო.
28. ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო.
29. და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რთმ განიკურნა სნეულებისგან.
30. მაგრამ მაშინვე იესომ თავადაც იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს?
31. ხოლო მოწაფეებმა უთხრეს: ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება და შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?
32. იესომ მიმოიხედა, რათა დაენახა ამის ჩამდენი.
33. მაშინ ქალი, რომელიც მიხვდა, რაც დაემართა, შიშის კანკალით მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოახსენა.
34. ხოლო იესომ უთხრა: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა; წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან.
2: 21-3: 7
21. არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, რადგან თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე.
1. ეჰა, უგუნურო გალატელნო! ვინ მოგნუსხათ ისე, რომ აღარ ემორჩილებით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც გამოისახა იესო ქრისტე, როგორც თქვენშივე ჯვარცმული?
2. მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეთაგან მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?
3. ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით კი ამთავრებთ?
4. ნუთუ ამაოდ დაითმინეთ ამდენი რამე? ოჰ, ნეტა მხოლოდ ამაოდ!
5. ვინც სულს გაძლევთ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით ახდენს ამას თუ რწმენის შესმენით?
6. როგორც აბრაამმა ირწმუნა ღმერთი, და სიმართლედ შეერაცხა მას.
7. მაშ, იცოდეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის ძენი არიან.
მკ. 6: 1-7
1. წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში.
2. შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით?
3. განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენს შორის? და ცდებოდნენ მასში.
4. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში.
5. და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმე სნეულს დაადო ხელი და განკურნა.
6. უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ.
7. მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა.
2 კორ.4,6-15
6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან.
8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს.
9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ.
10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში.
11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში.
12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე - თქვენში.
13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: "მწამდა და მიტომ ვამბობდი", ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ.
14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე.
15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.
მთ.11,27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.