დღის საკითხავები
ლიტ.: 2 კორ. 2: 14-3: 3 (დას. 12) მთ: 23: 23-28 (დას. 95)
2კორ. II, 14 - III, 3.
14. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს;
15. რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის.
16. ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ; სხვას ვის შესწევს ამისი ძალი?
17. ვინაიდან მრავალთა მსგავსად როდი ვბღალავთ ღვთის სიტყვას, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეს მიერ.
1. ნუთუ ხელახლა უნდა წარმოგიდგინოთ თავი? ნუთუ ზოგიერთებივით წარდგენის წერილი გვჭირდება თქვენდამი ან თქვენგან?
2. ჩვენი წერილი თქვენა ხართ, ჩვენს გულებში ჩაწერილი, ყოველი კაცისთვის გასაგები და მათ მიერვე წაკითხული.
3. თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვიფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.
მთ. XXIII, 23-28.
23. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ.
24. ბრმა წინამძღვარნო, რომელნიც გადასწურავთ ქინქლს და აქლემს კი შთანთქამთ.
25. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით.
26. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც.
27. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით.
28. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით.