დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-8, ინ. 20: 11-18 (დას. 64).
ლიტ.: 1 კორ. 1: 10-18 (დას. 124).მთ.14: 14-22 (დას. 58).
პირველმოწ.: საქმ. 6: 8 - 7: 5, 47-60 (დას. 17). მთ. 21: 33-42 (დას. 87).
ინ. XX, 11-18.
11. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ
15. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი.
13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს.
14. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.
15. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ.
16. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს).
17. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან.
18. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.
1კორ I, 10-18.
10. მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით.
11. რადგანაც ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა, ძმანო ჩემნო, რომ დავა ყოფილა თქვენს შორის.
12. იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.
13. ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით?
14. მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპუსისა და გაიუსისა.
15. რათა ვერავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოვნათლე.
16. მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე.
17. რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი.
18. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.
მთ. XIV, 14-22.
14. გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულნი.
15. ხოლო შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე: გაუშვი ხალხი, რათა წავიდნენ სოფლებში საჭმლის საყიდლად.
16. მაგრამ იესომ უთხრა მათ: არ დასჭირდებათ წასვლა; თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი.
17. ხოლო მათ უთხრეს: რომ არაფერი გვაქვს, ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა?
18. იესომ უთხრა მათ: აქ მომიტანეთ.
19. და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს.
20. ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი.
21. ხოლო იყო მჭამელი ასე ხუთიათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.
22. და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.
საქმ. 6,8 - 7,5, 47-60
8. ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში.
9. მაშინ ადგნენ ზოგიერთნი ეგრეთწოდებულ ლიბერტინთა, კირენელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, აგრეთვე კილიკიელთა და ასიელთაგან, და დავა დაუწყეს სტეფანეს.
10. მაგრამ ვერ შესძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნეს და სულს, რომლითაც ლაპარაკობდა იგი.
11. მაშინ წააქეზეს რამდენიმე კაცი და ათქმევინეს: ჩვენ გვსმენია, როგორ გმობდა მოსეს და ღმერთსო.
12. და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს.
13. წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს.
14. რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ.
15. მას უყურებდა ყველა, ვინც იჯდა სინედრიონში, და ხედავდა მის სახეს, როგორც სახეს ანგელთზისას.
5. ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის მემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.
47. სახლი კი სოლომონმა აუგო მას.
48. მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი:
49. "ცა ტახტია ჩემი და მიწა - ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად?
50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?"
51. ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.
52. რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით.
53. თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი.
54. ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე.
55. ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო.
56. მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს.
57. ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას.
58. ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე.
59. ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.
60. მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.
მთ. XXI, 33-42.
33. სხვა აგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნანელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.
34. და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან.
35. ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს.
36. ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს.
37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.
38. მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ.
39. შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს.
40. მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს?
41. უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს.
42. უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.