დღის საკითხავები
ლიტ.: 1 კორ. 11: 8-22 (დას. 148). მთ. 17: 10-18 (დას. 71) - პარ.
რომ. 13: 1-10 (დას. 111). მთ. 12: 30-37 (დას. 47) - შაბ.
1 კორ. XI, 8-22
8. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან.
9. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის.
10. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის.
11. თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში.
12. ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის.
13. თავად განსაჯეთ, განა შეშვენის ქალს, თავდაუბურავად ლოცულობდეს ღვთის წინაშე?
14. განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?
15. ხოლო თუ ქალი უშვებს დიდებაა მისთვის, რადგანაც თმა საბურავად მიეცა.
16. მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას.
17. ამას საქებრად როდი გამცნობთ, რადგანაც უარესისთვის იკრიბებით და არა უკეთესისთვის.
18. ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც.
19. ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის.
20. ეგეც არ იყოს, როცა იკრიბებით, უფლის სერობისთვის როდი იკრიბებით.
21. რადგანაც ყველა ცდილობს სხვაზე უმალ შეჭამოს თავისი წილი, ასე რომ, ზოგი ჯერ კიდევ მშიერია, ზოგი კი უკვე მთვრალი.
22. ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ შინ სვათ და ჭამოთ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უპოვართ? რა გითხრათ ამისთვის? გაქოთ? ვერა, ვერ გაქებთ.
მთ. XVII, 10-18
10. ჰკითხეს მას მოწაფეებმა და უთხრეს: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო?
11. ხოლო მან პასუხად თქვა: ელია მართლაც პირველად მოვა და აღადგენს ყოველს;
12. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი, არამედ როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ. იგივე ტანჯვა ელის მათგან კაცის ძესაც.
13. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა მათ.
14. როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა, მუხლი მოიყარა მის წინაშე
15. და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე: მთვარეულია და საშინლად იტანჯება, ვინაიდან ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება.
16. მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ ვერ განკურნეს იგი.
17. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ: როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ.
18. შერისხა იგი იესომ და გავიდა ეშმაკი მისგან: და განიკურნა ყმაწვილი იმავე წამს.
რომ. 13,1-10
1. დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.
2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.
3. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.
4. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.
5. ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც.
6. სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი.
7. ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა.
8. არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული.
9. ვინაიდან: "არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო" და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი".
10. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია.
მთ. XII, 30-37
30. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.
31. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ.
32. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად.
33. ან სცანით ხე ვარგისად და მისი ნაყოფიც ვარგისად; ან სცანით ხე უვარგისად და მისი ნაყოფიც უვარგისად; ვინაიდან ნაყოფით იცნობა ხე.
34. იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე.
35. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.
36. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.
37. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები.