დღის საკითხავები
1 კორ. 3: 18-23 (დას. 129). მთ. 13: 36-43 (დას. 54).
1კორ III, 18-23.
18. ნურავინ მოიტყუებს თავს; თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს.
19. რადგანაც სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა ღვთის წინაშე, როგრრც წერია: „მათსავ ცბიერებაში ატყვევებს ბრძენთ“.
20. და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ფუჭნი არიან ისინი“.
21. მაშ, ნურავინ იქადის კაცთა შორის, რადგანაც ყველაფერი თქვენია:
22. პავლე თუ აპოლოსი, კეფა თუ ქვეყანა, სიცოცხლე თუ სიკვდილი, აწმყო თუ მომავალი, თქვენია ყოველი.
23. ხოლო თქვენ ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი - ღვთისა.
მთ. XIII, 36-43.
36. მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი.
37. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღი თესლის მთესავი ძეა კაცისა.
38. ყანა არის ქვეყანა; საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი.
39. ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია: მკა - ქვეყნის დასასრული, და მომკალნი - ანგელოზები.
40. როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს.
41. რადგან მოავლინებს ძე კაცისა თავის ანგელოზებს, და შეკრებენ მის სასუფეველში ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედთ.
42. და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
43. მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!