დღის საკითხავები
ლიტ.: კოლ. 1: 24-29 (დას. 252). ლკ. 11: 14-23 (დას. 57).
ღირ.: გალ. 5: 22 - 6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
კოლ. I, 24-29.
24. ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია.
25. ხოლო მე მისი მსახური გავხდი ღვთის განგებულებით, რომელიც მომენდო თქვენთვის, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა, -
26. საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმიდათათვის,
27. რომელთაც ღვთის ნებით ეუწყა, რა არის სიუხვე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის: ესაა ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,
28. რომელსაც ვქადაგებთ და შევაგონებთ ყველას, რათა მთელი სიბრძნით დავმოძღვროთ ყოველი კაცი და სრულქმნილად წარვადგინოთ ქრისტე იესოში;
29. რისთვისაც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, ძლევამოსილად რომ მოქმედებს ჩემში.
ლკ. XI, 14-23.
14. ერთხელ ეშმაკი განდევნა მუნჯი კაცისგან; როგორც კი გავიდა ეშმაკი, მუნჯმა ენა ამოიდგა, და უკვირდა ხალხს.
15. ხოლო ზოგიერთმა თქვა: ეს ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.
16. ზოგი კი, საცდუნებლად, სასწაულს მოითხოვდა მისგან ზეცით.
17. მაგრამ ის მიხვდა, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა.
18. თუ სატანა თავის თავს გაეყოფა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, რომ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ.
19. მაგრამ თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი.
20. ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს.
21. როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს.
22. მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს, აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ანაწილებს ნაძარცვს.
23. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.
გალ. 5,22-6,2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
მთ. 11,27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.