დღის საკითხავები
ლიტ. - 2 კორ. 192 დას. XI, 5-21. მკ. 15 დას. IV, 1-9. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
2კორ. XI, 5-21.
5. მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები.
6. მართალია, უბირი ვარ სიტყვით, მაგრამ არა ცოდნით; თუმცა აკი მშვენივრად მიცნობთ.
7. ნუთუ შევცოდე, რომ თავი დავიმდაბლე, რათა ამემაღლებინეთ, რაკიღა უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?
8. სხვა ეკლესიებს ვაკლებდი და სანოვაგეს ვიღებდი მათგან, რომ თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო თქვენს შორის ყოფნისას, თუმცა მიჭირდა, არავისთვის შემიწყენია თავი.
9. რადგანაც ჩემი ნაკლულება შეავსეს მაკედონიიდან მოსულმა ძმებმა; თუმცა, სხვა მხრივაც, ისე გამქონდა თავი, რომ არ შემიწუხებიხართ, და კვლავ გავიტან.
10. ქრისტეს ჭეშმარიტება ნუ მომეშალოს, რომ ამ სიქადულს ვერვინ წამართმევს აქაიის ვერცერთ მხარეში.
11. რატომ? იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა ხომ იცის!
12. მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, და ამრიგად, რითაც იქადიან, იმითაც ჩვენი მსგავსნი აღმოჩნდნენ.
13. რადგანაც ასეთნი არიან ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი.
14. თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს.
15. ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც.
16. კვლავაც ვიტყვი: ნურავინ მიმიჩნევს უგუნურად, თუ არა და, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა ცოტა რამ მეც მქონდეს სასიქადულო.
17. რასაც ვამბობ, ამნაირად რომ ვიქადი, უფლის მიხედვით როდი ვამბობ, არამედ უგუნურებით.
18. რაკიღა ბევრი იქადის ხორციელად, მეც შემიძლია ვიქადოდე.
19. რადგანაც თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ.
20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში.
21. სირცხვილით ვამბობ, თითქოსდა ჩვენც დავუძლურდით; მაგრამ თუ ვინმე ბედავს დაიქადოს, უგუნურებით ვიტყვი: მეც ვბედავ.
მკ. IV, 1-9.
1. კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას და შეგროვდა მის ირგვლივ იმდენი ხალხი, რომ ნავში ჩაჯდა და ზღვაში შევიდა, ხოლო მთელი ხალხი ზღვის პირას, ხმელეთზე იყო.
2. ბევრ რასმე ასწავლიდა იგავებით და თავისი სწავლით ამბობდა:
3. ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად.
4. ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა; მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი.
5. ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.
6. მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
7. ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა; და ვეღარ გამოიღეს ნაყოფი.
8. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, იზარდა, ნაყოფი გამოიღო და იმატა: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად.
9. და უთხრა მათ: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
ფილპ. II, 5-11.
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.
7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.
8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,
10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,
11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
ლკ. X, 38-42; XI, 27-28.
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი.
39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას.
40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.
41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ;
42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.
28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.