დღის საკითხავები
ლიტ. - რომ. 89 დას. V, 10-16. მთ. 27 დას. VIII, 23-27. მღვდელმოწ. - ებრ. 334 დას. XIII, 7-16. ლკ. 63 დას. XII, 2-12.
რომ. V, 10-16
10. რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.
11. და არა მარტო ამით, არამედ ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ვისი წყალობითაც გვეღირსა შერიგება.
12. ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა.
13. რადგან ცოდვა რჯულამდეც იყო ქვეყნად, მაგრამ თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება.
14. თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი.
15. მაგრამ მადლი ისე როდია, როგორც ცოდვა, ვინაიდან თუ ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, მადლი და ნიჭი ღვთისა, ერთი კაცის - იესო ქრისტეს მადლით, მრავალსაც მოსჭარბდა სიუხვით.
16. და არც ნიჭია როგორც მსჯავრი ერთი შემცოდის გამო, ვინაიდან მსჯავრი ერთის შეცოდებისთვის - შესაჩვენებლად, ხოლო მადლი - მრავალი შეცოდების გასამართლებლად.
მთ. VIII, 23-27
23. ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები.
24. და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა.
25. მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით.
26. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.
27. ბოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
ებრ. XIII, 7-16.7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას.
8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე.
9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი.
10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ.
11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის.
12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო.
13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ.
14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ.
15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს.
16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.
ლკ. XII, 2-12.
2. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.
3. ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება.
4. თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ;
5. არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.
6. განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე.
7. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.
8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე.
9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე.
10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება.
11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო,
12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.