აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა
ტროპარი: რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო დიდება შენდა.
ტროპარი: შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხწრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახლსა საფლავსა დაგდვა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
ტროპარი: მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
კონდაკი: ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენ მიაგებე და გოდებაი პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცვალე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაი უბრძანე, ხოლო იგინი ხმობდეს: მხსნელი ჩუენი აღსდგა საფლავისაგან.