დღის საკითხავები
ლიტ. - იაკ. 54 დას. III, 1-10. მკ. 50 დას. XI, 11-23.
იაკ. III, 1-10.
1. ძმანო ჩემნო, ბევრი თქვენგანი ნუ გახდება მოძღვარი: იცოდეთ, რომ მით უფრო დიდ სასჯელს მივიღებთ.
2. რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი. კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი.
3. აჰა, ჩვენ ლაგამით ვიურვებთ ცხენებს, რომ დაგვემორჩილონ, და ჩვენს ნებაზე ვათამაშებთ მათ სხეულს.
4. თვით ხომალდებსაც, ესოდენ დიდსა და მძლავრი ქარიშხლით ატორტმანებულ ხომალდებსაც, პატარა საჭით იქით მიაქცევს მესაჭე, საითაც ნებავს.
5. ასევე ენაც რა პატარა ასოა და რამდენს იქადის, ერთი ციცქნა ალი კი რამხელა ტყესა ჰბუგავს.
6. ენაც ალია, უსამართლობის სამყარო; ენას ისეთი ადგილი უჭრავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან.
7. რადგანაც მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა მთელი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია კაცის ბუნებით.
8. ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია; ესაა აღვირახსნილი ბოროტება, მომაკვდინებელი გესლით აღვსილი.
9. ენით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და ენითვე შევაჩვენებთ ღვთის ხატად შექმნილ კაცთაც.
10. ერთსა და იმავე ბაგეთაგან გამოვა კურთხევაცა და წყევლაც; არ უნდა იყოს ეს, ძმანო ჩემნო, ასე.
მკ. XI, 11-23.
11. შევიდა იესო იერუსალიმსა და ტაძარში; როდესაც მოიხილა ყველაფერი, უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით.
12. ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა;
13. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას.
14. და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე! და გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა.
15. მივიდნენ იერუსალიმში; შევიდა იესო ტაძრად, და დაიწყო იმათი გამოყრა, ვინც ყიდიდა და ყიდულობდა ტაძარში; ააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.
16. და არავის აძლევდა იმის ნებას, რომ რამე გამოეტარებინა ტაძარში.
17. ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.
18. გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება.
19. შებინდებისას ქალაქიდან გამოვიდა.
20. დილაადრიან გვერდით ჩაუარეს და დაინახეს, რომ ლეღვის ხე ძირფესვიანად გამხმარიყო.
21. გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა.
22. მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა.
23. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, - ექნება ის, რასაც იტყვის.