დღის საკითხავები
ლიტ. - 1 ტიმ. 285 დას. (შუათგან), V, 1-10. ლკ. 86 დას. XVII, 20-25. დიდმოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
1ტიმ. V, 1-10.
1. ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი - როგორც ძმებს,
2. დედაბრებს - როგორც დედებს, ქალწულებს - როგორც დებს, მთელი სიწმიდით.
3. პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც მართლა ქვრივები არიან.
4. ხოლო თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე, მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგანაც ეს ეამება ღმერთს.
5. ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთს ესავს და ლოცვა-ვედრებაში ატარებს დღესა და ღამეს.
6. განცხრომის მოყვარე კი - ცოცხლადვე მკვდარია.
7. ეს ამცნე მათ, რათა უბიწონი იყვნენ.
8. ხოლო ვისთვისაც უცხოა თავისიანთა და, მით უმეტეს, სახლეულთათვის ზრუნვა, რწმენის უარმყოფელია და ურწმუნოზედაც უარესი.
9. ქვრივად შეიძლება შეირაცხოს არანაკლებ სამოცი წლისა, ერთნაქმარევი
10. და თავისი კეთილი საქმით ცნობილი: რომ დაზარდა შვილები, რომ მასპინძლობდა სტუმრებს, ფეხებს ჰბანდა წმიდათ, შეეწეოდა გაჭირვებული, და გულმოდგინედ ასრულებდა ყველა კეთილ საქმეს.
ლკ. XVII, 20-25.
20. ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ;
21. ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია.
22. და უთხრა თავის მოწაფეებს: მოვლენ დღენი, როცა ინატრებთ თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ.
23. გეტყვიან: აგერ, აქ არის, ან: აგერ, იქო; ნუ მიხვალთ და ნუ გაჰყვებით.
24. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს და გაიბრწყინებს ცის ერთი კიდიდან მეორემდე, ასე იქნება ძეც კაცისა თავის დღეს.
25. მაგრამ ჯერ სასტიკად უნდა ევნოს და უარყოფილ იქნეს ამ მოდგმის მიერ.
ეფ. VI, 10-17.
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,
17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
ლკ. XXI, 12-19.
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.
13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.
18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.