დღის საკითხავები
ცისკ. - სახ. I მთ. 116 დას. XXVIII, 16-20. ლიტ. - 2 ტიმ. 296 დას. III, 10-15. ლკ. 89 დას. XVIII, 10-14. წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.
მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.
16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ.
17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა.
18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც.
19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;
20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
2ტიმ. III, 10-15.
10. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას,
11. დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა.
12. ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება.
13. უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან.
14. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული.
15. თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.
ლკ. XVIII, 10-14.
10. ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე.
11. ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ.
12. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.
13. ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს.
14. გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
ებრ. VII, 26 - VIII, 2.
26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი,
27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი.
28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, - ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას.
2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.
ინ. X, 9-16.
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.
11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის.
12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.
13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები.
14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე.
15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის.
16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.