ძველი სტილი
5 სექტემბერი
ოთხშაბათი
ახალი სტილი
18 სექტემბერი
მარხვა მარხვა
წინასწარმეტყველისა ზაქარიასი და მართლისა ელისაბედისა - წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობელთა (I); მოწამისა რაისასი (ირაიდასი) (დაახლ. 308); მოწამეთა იუვენტინე და მაქსიმე მხედართა (361-363); მოწამეთა: ურბანისა, თეოდორესი, მედიმნესი და მათთანა 77-თა სასულიერო პირთა, ნიკომიდიას წამებულთა (370); მოწამისა აბდისი (აბიდისი) სპარსეთს (V); წმიდისა მოწამისა პეტრე ათირელისა.
დღის ლოცვა
წინასწარმეტყველი ზაქარიასი და მართლისა ელისაბედის, მშობელთა იოანე ნათლისმცემელის
ტროპარი:
მღუდელობისა სამკაულითა ბრწყინვალედ გარეშერტყმულმან, ჰსჯულისაებრ ყოვლადდასაწველნი შეწყნარებულნი ღმრთისა მღუდელშვენიერად შესწირენ, ზაქარია, და იქმენ მნათობ და მხილველ საიდუმლოთა, და მოსწავებათა მადლისათა შენ შორის მქონებელად გამოსჩნდი, ყოვლად-ბრძენო, და მახვილითა მოიკალ ტაძარსა შინა ღმრთისასა, ქრისტეს წინაისწარმეტყველო, წინა-მორბედისა თანა მეოხ გვეყავ ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: დღეს წინაისწარმეტყუელმან და მღდელმან უფლისამან ზაქარია, მშობელმან წინამორბედისამან, წინადაგვიგო ტაბლაი წინაისწარმეტყუელებისა, მორწმუნეთა გამომზრდელი და სასუმელი სიმართლისა ყოველთა გვიწდია; ამისთვისცა იდიდა, ვითარცა საღმრთო მესაიდუმლოე ღმრთისა მადლისა.
დღის საკითხავები
ლიტ. - 2 კორ. 197 დას. XIII, 3-13. მკ. 18 დას. IV, 35-41. წინასწარმეტ. - ებრ. 314 დას. VI, 13-20. მთ. 96 დას. XXIII, 29-39.
2კორ. XIII, 3-13.
3. რაკიღა იმის დასტურს ეძებთ, მეტყველებს თუ არა ჩემში იესო ქრისტე, რომელიც უძლური როდია თქვენს მიმართ, არამედ ძლიერი - თქვენს შორის.
4. რადგანაც თუ უძლურებით ეცვა ჯვარს, ცოცხალია ღვთის ძალით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძალით მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის.
5. მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ.
6. მაგრამ იმედი მაქვს, ის მაინც იცით, რომ ჩვენ არა ვართ გამოუცდელნი.
7. ღმერთს ვევედრები, რომ არ ჩაიდინოთ რამე ბოროტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გამოცდილება გიჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთეს მისდევდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ.
8. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ; თუ რამ შეგვიძლია, ჭეშმარიტებისათვის შეგვიძლია მხოლოდ.
9. რადგანაც ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი - ძლიერნი, და ამიტომაც თქვენი სრულყოფისთვის ვლოცულობთ.
10. შორიდანაც მიტომ გწერთ ამას, რომ მანდ მოსვლისას მთელი სიმკაცრით არ მოვიქცე, თანახმად იმ ხელმწიფებისა, რომელიც დასაქცევად კი არა, ასაშენებლად მომცა უფალმა.
11. სხვა მხრივ კი, გიხაროდეთ, ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშისცემა და ერთსულოვნება ნუ მოგეშალოთ, მშვიდობა გქონდეთ და თქვენთან იქნება სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი.
12. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ყველა წმიდა.
13. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ.

მკ. IV, 35-41.
35. იმ დღეს, მწუხრის ჟამს, უთხრა მათ: გაღმა გავიდეთო.
36. გაისტუმრეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. და სხვა ნავებიც მისდევდნენ მას.
37. ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს, ისე რომ, ლამის წყლით აივსო იგი.
38. ხოლო ის კიჩოზე იწვა და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით?
39. მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი, დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.
40. და უთხრა მათ: რატომ ხართ ასე მოშიშარნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?
41. ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
ებრ. VI, 13-20.
13. რადგანაც ღმერთმა, როცა აბრაამს აძლევდა აღთქმას, რაკიღა თავზე უმეტესი არავინ ჰყავდა დასაფიცარი, თავისი თავი დაიფიცა,
14. და უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ, და გამრავლებით გამრავლებ შენ“.
15. და ასე, სულგრძელობით მიიღო აღთქმა.
16. ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული.
17. ამიტომ ღმერთმა, რომელსაც სურდა აღთქმის მემკვიდრეთათვის ეჩვენებინა თავისი ნების გარდუვალობა, შუამდგომლობისთვის მიმართა ფიცს.
18. რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს,
19. რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს,
20. სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.

მთ. XXIII, 29-39.
29. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს;
30. და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
31. ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ.
32. და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების.
33. გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?
34. ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას;
35. რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის.
36. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე.
37. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.
38. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად.
39. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მე მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგალობოთ ”ღირს არს ჭეშმარიტად”