დღის საკითხავები
ლიტ. - 2 კორ. 196 დას. XII, 20 - XIII, 2. მკ. 17 დას. IV, 24-34. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
2კორ. XII, 20 - XIII, 2.
20. რადგანაც ვშიშობ, ვაითუ ჩემი მოსვლისას ისეთი გნახოთ, როგორნიც არ მსურხართ, და მეც ისეთი მნახოთ, როგორსაც არ მისურვებდით; მაშ, ნუ იქნება თქვენში შუღლი, შური, მრისხანება, ცილობა, ცილისწამება, მითქმა-მოთქმა, ქედმაღლობა, არეულ-დარეულობა.
21. რათა კვლავ მოსვლისას თქვენს წინაშე არ დამამდაბლოს ღმერთმა და არ მაგლოვებინოს მრავალნი, რომელთაც უწინ სცოდეს, მაგრამ არ მოინანიეს უწმინდურება, სიმრუშე და სიბილწე, რასაც სჩადიოდნენ.
1. ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი თუ სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.
2. ადრეც, ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამსაც, მითქვამს და ახლაც შორიდან ვეუბნები ყველას, ვინც უწინ სცოდა და სხვებსაც, რომ არავის დავინდობ, როცა კვლავ მოვალ.
მკ. IV, 24-34.
24. და უთხრა მათ: დაუკვირდით, რაც გესმით: რთმელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით და მოგემატებათ.
25. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.
26. და თქვა: ღმრთის სასუფეველი იმასა ჰგავს, კაცი რომ თესლს ჩათესავს მიწაში.
27. სძინავს თუ დგება, დღისით თუ ღამით, არც იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი.
28. რადგანაც მიწას თავისთავად გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ღერო, შემდეგ თავთავი, ბოლოს, სავსე მარცვალი თავთავში.
29. და როცა დამწიფდება ნაყოფი, მაშინვე გაგზავნის ნამგალს, ვინაიდან დამდგარა მკის ჟამი.
30. და თქვა: რას ვამსგავსო ღმრთის სასუფევეღი? ან რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი?
31. ესაა მდოგვის მარცვალი, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველა თესლზე უმცირესია ამ ქვეყნად.
32. მაგრამ დათესვის შემდეგ ამოდის, ყველა მწვანილზე დიდი იზრდება და ისე ფართოდ შლის ტოტებს, რომ ცის ფრინველებს შეუძლიათ მის ჩრდილში დაიბუდონ.
33. ბევრი ასეთი იგავით ეუბნებოდა მათ სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ.
34. ხოლო უიგავოდ არაფერს ეტყოდა მათ; თავის მთწაფეებს კი განმარტოებით უხსნიდა ყველაფერს.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.