დღის საკითხავები
ცისკ. - ლკ. 45 დას. IX, 28-36. ლიტ. - 2 პეტ. 65 დას. I, 10-19. მთ. 70 დას. XVII, 1-9.
ლკ. IX, 28-36.
28. მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და სალოცავად ავიდა მთაზე.
29. ლოცვისას სახის ფერი იცვალა, ხოლო სამოსი მისი გახდა სპეტაკი და ელვარე.
30. და აჰა, ორი კაცი ესაუბრებოდა მას; ესენი იყვნენ მოსე და ელია,
31. დიდებით მოვლენილნი, და მის წასვლაზე ესაუბრებოდნენ იესოს, რაც უნდა აღსრულებულიყო იერუსალიმს.
32. ხოლო პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით. და როდესაც გამოიღვიძეს, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი.
33. ხოლო როცა დააპირეს გასცლოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: მოძღვარო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას, რადგან არ იცოდა, რას ამბობდა.
34. სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი; და შეშინდნენ ღრუბელში შესვლისას.
35. და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი; მას უსმინეთ.
36. ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა. ხოლო ისინი დადუმდნენ და არავის უთხრეს იმ დღეებში, რაც ეხილათ.
2პეტ. I, 10-19.
10. ამიტომ, ძმანო, უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, რადგანაც თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ.
11. ვინაიდან ასე უფრო ფართოდ გაიღება თქვენს წინაშე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის კარი.
12. ამიტომაც გამუდმებით შეგახსენებთ ამას, თუმცაღა იცით და მტკიცედაც ადგახართ აწინდელ ჭეშმარიტებას.
13. მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ.
14. რადგანაც ვიცი, რომ მალე უნდა დავუტევო ჩემი კარავი, როგორც მაუწყა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ.
15. ასე რომ, ვეცდები ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას.
16. ვინაიდან თავშესაქცევი იგავებით როდი გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლა და ძალმოსილება, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ.
17. რადგანაც მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როდესაც მისწვდა ესოდენ დიდმშვენიერი დიდების ხმა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე.
18. და ეს ხმა, ზეცით ჩამოსული, ჩვენც ჩაგვესმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.
19. ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.
მთ. XVII, 1-9.
1. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით.
2. და იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი.
3. და, აჰა, მოევლინენ მათ მოსე და ელია, იესოსთან მოსაუბრენი.
4. და უთხრა პეტრემ იესოს: უფალო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას.
5. სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ.
6. ეს რომ ჩაესმათ მოწაფეებს შეძრწუნებულნი პირქვე დაემხნენ.
7. მაგრამ მივიდა იესო, ხელი შეახო მათ და უთხრა: ადექით, ნუ გეშინიათ.
8. და როცა ზე აიხედეს, ვერავინ დაინახეს, იესოს გარდა.
9. ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა და უთხრა მათ: ნურავის გაანდობთ ამ ხილვას, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგება მკვდრეთით.