დღის საკითხავები
ლიტ. - ეფ. 229 დას. V, 8-19. მთ. 75 დას. XVIII, 10-20.
ეფ. V, 8-19.
8. რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
9. ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში.
10. გამოსცადეთ, რა შეიძლება მოსწონდეს უფალს.
11. ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ,
12. ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა.
13. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება,
14. რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“.
15. მაშ, დაუკვირდით თქვენს ქცევას, არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
16. გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი.
17. ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა.
18. ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.
19. ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს.
მთ. XVIII, 10-20.
10. ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
11. რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი.
12. როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი მათგანი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს, და არ წავა დაკარგულის საძებნად?
13. და თუ მოხდა ისე, რომ იპოვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას უფრო მეტად შეჰხარის, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებიც არ დაჰკარგვია.
14. ასევე არ ნებავს ჩემს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.
15. ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით ორივენი; თუ შეისმინა შენი, შეგიძენია ძმა შენი.
16. ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა.
17. და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი.
18. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.
19. კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან.
20. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.