ძველი სტილი
28 ივნისი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
11 ივლისი
სულთმოფენობიდან მე-4 შვიდეული. ხმა 2.
ხსნილი თევზით ხსნილი თევზით
აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მოწამეთა უვერცხლოთა და სასწაულმოქმედთა კვიროსისა და იოანესი (412); ღირსისა პავლე მკურნალისა. ღმრთისმშობლის ხატისა "სამხელიანი" (VIII).
დღის ლოცვა
აღმოყვანება ნაწილთა უვერცხლოთა მოწამეთა კვიროს და იოანესი
ტროპარი:
საკვირველებანი წმიდათა შენთა მოწამეთანი ზღუდედ უბრძოლველად მოგუანიჭე, ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახვანი წარმართთანი განაქარვენ და სკიპტრა მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთმოყვარემან.

კონდაკი: საღმრთოთა მადლთაგან საკვირველებათა ნიჭი მოგიღებიესთ, წმიდანნო, და დაუცხრომელად საკვირველთმოქმედებით ყოველთა ვნებათა ჩუენთა უხილავად ხელთმოქმედებითა გარდამკვეთელნი, კვიროს ღმრთივგანბრძნობილო იოანეთურთ ყოვლადქებულით, რამეთუ თქუენ ხართ საღმრთონი მკურნალნი.
დღის საკითხავები
ლიტ. - რომ. 106 დას. XI, 13-24. მთ. 43 დას. XI, 27-30 (ხუთშ.). რომ. 107 დას. XI, 25-36. მთ. 44 დას. XII, 1-8 (პარ.). უვეცხლ. - 1 კორ. 153 დას. XII, 27 - XIII, 8. მთ. 34 დას. (შუათგან), X, 1, 5-8.

რომ. XI, 13-24.
13. თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.
14. იქნებ ასე მაინც შევძლო საღმრთო შური აღვძრა ჩემსავე თვისტომთა შორის და ვიხსნა ზოგიერთი მათგანი.
15. რადგან თუ მათი განშორება ქვეყნის დაზავებაა, რაღა იქნება მათი შემოერთება, თუ არა სიცოცხლის აღდგომა მკვდრეთით?
16. თუ პირველნაყოფი წმიდაა, ასევე - ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, ასევე - რტონიც.
17. ხოლო თუ ზოგიერთი რტო მოტყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ ადგილას დაემყენ, ასე რომ, ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი გახდი,
18. ნუ იქადი რტოთა წინაშე, ხოლო თუ მაინც იქადი, გახსოვდეს, რომ შენ კი არ გიტვირთავს ფესვი, არამედ ფესვმა გიტვირთა შენ.
19. იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავმყნილიყავიო.
20. კეთილი. ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს.
21. რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს.
22. ხომ ხედავ სიკეთეს და სიმკაცრეს ღვთისას: სიმკაცრეს - დაცემულთა, ხოლო სიკეთეს - შენს მიმართ, თუკი მის სიკეთეში მკვიდრობ; არა და, შენც მოიკვეთები.
23. მაგრამ, თუ ურწმუნოებაში არ დარჩნენ, ისინიც დაემყნობიან, რადგან ღმერთს კვლავაც ძალუძს მათი დამყნობა.
24. ვინაიდან თუ შენ მოიკვეთე თავისი ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე შინაურ ზეთისხილს, განა ბუნებრივი რტონი მით უმეტეს არ დაემყნობიან თავიანთ საკუთარ ღეროს?

მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.
რომ. XI, 25-36.
25. რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე.
26. ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: „მოვა სიონით მხსნელი და უღმერთოებას მიაქცევს ისრაელისგან.
27. ეს არის ჩემი აღთქმა მათდამი, როდესაც წარვხოცავ მათ ცოდვებს“.
28. სახარების მიხედვით, ისინი მტრები არიან თქვენს გამო, ხოლო არჩევის გულისთვის - საყვარელნი მამათა გამო.
29. რადგანაც უცვალებელია ნიჭი და მოწოდება ღვთისა.
30. ვინაიდან როგორც თქვენ ეურჩეთ ოდესღაც ღმერთს, ახლა კი შეწყალებულნი ხართ მათი ურჩობის გამო,
31. ასევე ურჩობენ ახლა ისინიც, რათა იმ მოწყალებით, თქვენ რომ გხვდათ წილად, თვითონაც შეწყალებულ იქნენ.
32. რადგანაც ღმერთმა ყველანი ურჩობაში გამოამწყვდია, რათა ყველანი შეიწყალოს.
33. ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი!
34. რადგანაც ვინ შეიცნო აზრი უფლისა, ან ვინ იყო მისი მრჩეველი?
35. ანდა ვინ მისცა წინასწარ, რომ შემდეგ მიაგოს?
36. რადგანაც მისგან, მის მიერ და მის მიმართაა ყოველი. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მთ. XII, 1-8.
1. ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.
2. ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა უთხრეს მას: აი, შენი მოწაფეები იმას სჩადიან, რაც ნებადართული არ არის შაბათს.
3. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მის მხლებლებსაც?
4. როგორ მევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ქმნა არც მისთვის იყო ნებადართული და არც მისი მხლებლებისათვის, და რისი ნებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ?
5. არც ის ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, და მაინც უცოდველნი არიან?
6. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აქ არის ის, ვინც ტაძარზეც უმეტესია.
7. რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, აღარასოდეს შეაჩვენებდით უცოდველთ.
8. რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.
1კორ XII, 27 - XIII, 8.
27. ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი,
28. რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა.
29. განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? მოძღვარი თუ სასწაულთმოქმედი?
30. ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის განმმარტებელი?
31. მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ.

1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.
2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.
3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.
4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;
6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.
8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.

მთ. X, 1, 5-8.
1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა.

5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში.
6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს.
7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სტილით 21 სექტემბერს დღესასწაულობს.