დღის საკითხავები
ლიტ. - რომ. 105 დას. XI, 2-12. მთ. 42 დას. XI, 20-26. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
რომ. XI, 2-12.
2. არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიაზე? როგორ შესჩივის ღმერთს ისრაელის გამო:
3. „უფალო, შენი წინასწარმეტყველნი მოკლეს და დაანგრიეს შენი საკურთხეველნი. მარტო მე დავრჩი, და ეძებენ ჩემს სულს“.
4. მაგრამ რას ეუბნება პასუნი ღვთისა? „მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე.
5. ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი.
6. მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი.
7. მერედა, რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ ეწია; მხოლოდ რჩეულნი ეწივნენ; დანარჩენებს კი ქვად ექცათ გული.
8. როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა მთვლემარე სული; თვალი, რათა ვერ ხედავდნენ, და ყური, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე“.
9. ხოლო დავითი ამბობს: „დაე, ტაბლა მახედ და ბადედ ექცეთ, საცდურად და მათ საზღაურად;
10. დაევსოთ თვალი, რომ ვეღარ ხედავდნენ, და მოდრიკე მათი ზურგი სამარადისოდ“.
11. მე ვამბობ: ნუთუ ისე წაიბორძიკეს, რომ დაეცნენ? არამც და არამც. მაგრამ მათი დაცემა ხსნად ექცა წარმართთ, რათა აღძრულიყო მათში საღმრთო შური.
12. ხოლო თუ მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, მათი სიმწირე კი - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი.
მთ. XI, 20-26.
20. მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს:
21. ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა; რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ.
22. ამიტომ გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის.
23. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დაემხობი: რადგან სოდომს რომ მოვლენოდა შენში მოვლენილი ძალნი, იქნებ კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე.
24. ამიტომ გეუბნები შენ: განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე შენთვის.
25. იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს.
26. დიახ, მამაო, ასე კეთილინებე შენ.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.