დღის საკითხავები
ლიტ. - რომ. 89 დას. V, 10-16. მთ. 27 დას. VIII, 23-27. წინასწარმეტ. - იაკ. 57 დას. V, 10-20. ლკ. 14 დას. IV, 22-30.
რომ. V, 10-16.
10. რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.
11. და არა მარტო ამით, არამედ ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ვისი წყალობითაც გვეღირსა შერიგება.
12. ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა.
13. რადგან ცოდვა რჯულამდეც იყო ქვეყნად, მაგრამ თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება.
14. თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი.
15. მაგრამ მადლი ისე როდია, როგორც ცოდვა, ვინაიდან თუ ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, მადლი და ნიჭი ღვთისა, ერთი კაცის - იესო ქრისტეს მადლით, მრავალსაც მოსჭარბდა სიუხვით.
16. და არც ნიჭია როგორც მსჯავრი ერთი შემცოდის გამო, ვინაიდან მსჯავრი ერთის შეცოდებისთვის - შესაჩვენებლად, ხოლო მადლი - მრავალი შეცოდების გასამართლებლად.
მთ. VIII, 23-27.
23. ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები.
24. და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა.
25. მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით.
26. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.
27. ბოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
იაკ. V, 10-20.
10. ჭირთათმენისა და სულგრძელობის ნიმუშად გყავდეთ, ძმანო ჩემნო, წინასწარმეტყველნი, რომელნიც ლაპარაკობდნენ უფლის სახელით.
11. აჰა, ჩვენ შევნატრით ჭირთამთმენთ; ხოლო გსმენიათ იობის მოთმინება და გიხილავთ უფლის აღსასრული, რადგან ის მრავალმოწყალეა და მლმობელი.
12. უწინარეს ყოვლისა კი, ძმანო ჩემნო, ნუ იფიცავთ ნურც ცას, ნურც მიწას და ნურც რაიმე სხვა ფიცს, არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო, და: არა, არა, რათა არ ჩაცვივდეთ განსაკითხველში.
13. უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს.
14. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით.
15. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება.
16. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.
17. ელია ჩვენნაირი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა, და სამი წლისა და ექვსი თვის მანძილზე წვეთი არ დასცემია მიწას.
18. კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თვისი ნაყოფი.
19. ძმანო, თუ ერთი თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას,
20. იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას.
ლკ. IV, 22-30.
22. ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?
23. და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ.
24. მან თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ თავის მამულში.
25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა მთელს ქვეყანაში.
26. მაგრამ არავის მოვლინებია ელია, გარდა ერთი ქვრივი ქალისა სიდონის სარეპტაში.
27. მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნეემან სირიელის გარდა.
28. ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო სინაგოგაში.
29. ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ.
30. მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა.