დღის საკითხავები
VI ჟამ. - ეს. XIV, 24-32. მწუხ. - შესქ, VIII, 21 - IX, 7. იგავ. XI, 19 - XII, 6.
ეს. 14, 24-32
24. დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება; როგორც გადავწყვიტე, ისე მოხდება.
25. შევმუსრავ აშურს ჩემს მიწაზე და გავთელავ ჩემს მთებზე, გადაიგდება ქედიდან უღელი და მხრებიდან ტვირთი ჩამოეხსნებათ.
26. აჰა, განაჩენი, მთელი ქვეყნისათვის გამოტანილი, და აჰა ხელი, ყოველ ხალხზე მოღერებული!
27. ცაბაოთ უფლის განაჩენს ვინ შეცვლის და მოღერებულ ხელს ვინ შეაბრუნებს?
28. ასეთი განაჩენი იყო მეფე ახაზის სიკვდილის წელს.
29. ნუ გიხარია, ფილისტიმის ქვეყანავ, რომ დაილეწა შენი მგვემელის კვერთხი, რადგან გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება.
30. უპოვართა პირმშონი გამოიკვებებიან და ღარიბ-ღატაკნი სამშვიდობოს დამყუდრდებიან; შიმშილით მოვკლავ შენს ფესვს და შენს ნარჩომს ამოვწყვიტავ.
31. მოთქვამდე, კარიბჭევ, გოდებდე, ქალაქო, ძრწოდე, ფილისტიმის ქვეყანავ, რადგან ჩრდილოეთიდან წამოვა კვამლი და გაიფანტება მისი ბანაკი.
32. რას იტყვიან ხალხის მოციქულები? - რომ უფალმ აფუძნა სიონი და რომ იქ არის მისი ერის ჩაგრულთა საესავი.
დაბ. 8,21 - 9,7
21. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი.
22. ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.
1. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა.
2. თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი.
3. ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს.
4. ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ.
5. მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ, ყოველ მხეცს მოვკითხავ, ადამიანს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს.
6. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი.
7. ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოეფინეთ ქვეყანას და გამრავლდით მასზე.
იგავ. 11,19 - 12,6
19. სიმართლეს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი, ბოროტების ამყოლი კი თავისი სიკვდილისკენ მიექანება.
20. გულმრუდი კაცი სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა გზა კი სათნოა მისთვის.
21. იცოდე, ავკაცი ვერ გამართლდება, მართალთა მოდგმა კი გადარჩება.
22. გინდ ოქროს რგოლი ღორის დინგზე, გინდ უგუნური ქალის სილამაზე.
23. მართალთა ნატვრა მხოლოდ სიკეთეა, ურჯულოთა მოლოდინი კი რისხვაა.
24. ერთი ხელგაშლილია და უფრო მდიდრდება, მეორე ყაირათიანია, მაგრამ სიღარიბეშია.
25. ქველმოქმედი კაცი მოკეთდება; ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება.
26. ხორბლის დამჭერს წყევლის ხალხი, გამცემის თავზე კურთხევაა.
27. ვინც სიკეთეს მიელტვის, მადლს მოიხვეჭს, ბოროტების მძებნელს კი ბოროტება ეწევა.
28. თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა, მართალნი კი ფოთლებივით გაიშლებიან.
29. თავისი სახლის დამქცევი ქარს დაიმკვიდრებს, უმეცარი გულბრძენის მორჩილია.
30. მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა, ბრძენკაცი კი სულებს იზიდავს.
31. თუკი მართალს სანაცვლო მიეზღვება ამქვეყნად, მითუმეტეს ბოროტეულს და ცოდვილს.
1. ვისაც წვრთნა უყვარს, ცოდნაც უყვარს, ვისაც მხილება ეჯავრება, ბრიყვია.
2. კეთილი კაცი უფლისგან მადლს შეიძენს, ავისმზრახველს კი შეაჩვენებს.
3. კაცი სიბოროტით ვერ განმტკიცდება, მართალთა ფესვი კი შეურყეველია.
4. ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი მისი ძვლების გამომშრობელია.
5. მართალთა ზრახვები სამართლისაკენაა, ბოროტეულთა ფიქრები კი სიცრუეა.
6. ბოროტეულთა სიტყვები სისხლისღვრას ამზადებს, ხოლო გულწრფელებს კი მათი ბაგეები გადაარჩენს.