ძველი სტილი
29 დეკემბერი
შაბათი
ახალი სტილი
11 იანვარი
სულთმოფენობიდან 30-ე შვიდეული. ხმა 4.
მსგეფსი მსგეფსი
14000-თა ჩვილთა მოწამეთა, ჰეროდეს მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა და საზღვართა მისთა მოწყვეტილთა (I); ღირსისა მარკელისა, დაუძინებელთა მონასტრის მამასახლისისა (485); ღირსისა თადეოზ აღმსარებელისა (818). ღირსი ნინოსი, სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიასი (XIX)
დღის ლოცვა
14000-თა ჩვილთა მოწამეთა
ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩვენთვის და ყოველნივე სენნი ჩვენნი განკურნენ, კაცთმოყვარე, გევედრებით.

კონდაკი: ვარსკვლავმან მოგვნი წარმოავლინნა ბეთლემს შობილისა თანა, ხოლო იროდი სიცრუით წარავლენს მხედართა და მოსწყვედს ჩვილთა ყოველთა, გონებდა უგუნური იგი შენსა მოწყვედასა, ქრისტე, ხოლო მათ გიხილეს მწოლარე ბაგასა და თაყვანი გცეს თვისსა უფალსა.

დღის საკითხავები
ლიტ. - ქრისტეშობის შემდგ. შაბ. - 1 ტიმ. 288 დას. VI, 11-16. მთ. 46 დას. (შუათგან), XII, 15-21. რიგ. - ეფ. 228 დას. V, 1-8. ლკ. 84 დას. XVII, 3-10. მოწ. - 2 კორ. 180 დას. V, 15-21. მთ. 4 დას. II, 13-23.
1ტიმ. VI, 11-16.
11. შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას;
12. იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე, რომლისთვისაც ხარ ხმობილი, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე.
13. გამცნებ შენ ყოვლის მაცოცხლებელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, პონტიუს პილატეს წინაშე რომ იმოწმა კეთილი აღსარება, -
14. წმიდად და უბიწოდ დაიმარხე მცნება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლამდე,
15. რომელსაც თავის დროს მოგვივლენს ერთადერთი ნეტარი მბრძანებელი, მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი,
16. ერთადერთი მპყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს არცერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა, ვისიცაა პატივი და საუკუნო ძალმოსილება. ამინ.

მთ. XII, 15-21.
15. მაგრამ იესომ გაიგო ეს და გაეცალა იქაურობას; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და განკურნა ყველა.
16. და უბრძანა მათ, არ გამთქვათო.
17. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
18. აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ავირჩიე; საყვარელი ჩემი, რომელიც შევიტკბე სულით; დავსდებ მასზე ჩემს სულს, და აუწყებს სამართალს ხალხებს.
19. არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს ქუჩებში მის ხმას.
20. მოტეხილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ დაშრეტს, ვიდრე არ მოუპოვებს ძლევას სამართალს.
21. და მისი სახელი სასოებად ექნება ხალხებს.
ეფ., V, 1-8
1. მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა.
2. და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.
3. ხოლო სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ,
4. არც სიბილწე, ბრიყვული სიტყვა თუ უკადრი ლიზღობა, არამედ უპირატესად - მადლიერება.
5. რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინდურსა და ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღვთის სასუფეველში.
6. არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვით, რადგანაც ამისთვის მოიწევა რისხვა ღვთისა ურჩობის ძეთა თავზე.
7. ამიტომაც ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.
8. რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.

ლკ. XVII, 3-10.
3. დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე.
4. დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას - ვნანობო, მიუტევე.
5. და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა.
6. ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეთ, გაგიგონებთ.
7. მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო?
8. თუ, პირიქით, ეტყვის: მომიმზადე ვახშამი, სარტყელი მოირტყი და მომემსახურე, სანამდის ვჭამ და ვსვამ, ხოლო შემდეგ თავადაც ჭამე და სვიო.
9. ნუთუ მონის მადლიერი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძანება შეუსრულა? არა მგონია.
10. ასევე თქვენც, როცა აღასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უვარგისი მონები ვართ, ვინაიდან ვქენით ის, რაც უნდა გვექნა.

2კორ. V, 15-21.
15. მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.
16. ასე რომ, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, რადგან თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აწ უკვე აღარ ვიცნობთ.
17. ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი.
18. ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა.
19. რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.
20. ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,
21. რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.

მთ. II, 13-23.
13. ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი.
14. ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით, და წავიდა ეგვიპტეს.
15. და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე; რათა აღსრულებულიყო სიტყვა უფლისა, თქმული წინასწარმეტყველის მიერ: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს.
16. მაშინ, რა იხილა ჰეროდემ, რომ მოტყუებულ იქნა მოგვების მიერ, ძალზე განრისხდა, წარგზავნა ხალხი და ამოაწყვეტინა ყოველი ყრმა ბეთლემსა და მთელს მის შემოგარენში, ორ-ორი წლისა და უმრწემესნი, თანახმად ასაკისა, რომელიც გამოიკითხა მოგვებისაგან.
17. მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
18. ხმა გაისმა რამაში გოდებისა და დიდი გლოვისა: რაქელი დასტირის თავის შვილებს და არა სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან.
19. ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში,
20. და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყნად, ვინაიდან მოკვდნენ ისინი, ვინც ეძიებდნენ ყრმის სულს.
21. ისიც ადგა და წამოიყვანა ყრმა და დედამისი და მოვიდა ისრაელის ქვეყნად.
22. მაგრამ, როდესაც გაიგო, არქელაოსი მეფობსო იუდეაში მამამისის ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმარეული ჩვენებით გაფრთხილებულმა მიაშურა გალილეის მხარეს.
23. მივიდა და დაესახლა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ემბაზი
ემბაზი ეწოდება ჭურჭელს, რომელშიც ბავშვს ნათლავენ. იგი ძველი ქართული სიტყვაა და სანათლავს ნიშნავს.