დღის საკითხავები
ლიტ. - ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30. რიგ. - 2 კორ. 178 დას. V, 1-10. ლკ. 40 დას. IX, 1-6.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.
2კორ. V, 1-10.
1. რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული.
2. მიტომაც ვგმინავთ, რომ გვსურს შევიმოსოთ ზეციური სასახლე ჩვენი.
3. მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი.
4. ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ, რადგანაც განძარცვა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი.
5. სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი.
6. ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ.
7. რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით.
8. მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ.
9. ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით, მისთვის სათნონი ვიყოთ.
10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს.
ლკ. IX, 1-6.
1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ყველა ეშმაკის დათრგუნვისა და სალმობათა განკურნვის ხელმწიფება და ძალა.
2. წარგზავნა ისინი ღმრთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად.
3. და უთხრა მათ: ნურაფერს წაიღებთ გზაში: ნურც არგანს, ნურც აბგას, ნურც პურს, ნურც ვერცხლს, ნურც ორ ხელ სამოსს.
4. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, იქ დადექით გამოსვლამდე.
5. ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას, მათ წინააღმდეგ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.
6. ისინი წავიდნენ, დადიოდნენ სოფლებში, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ სნეულთ.