დღის საკითხავები
ცისკ. - ლკ. 4 დას. I, 39-49, 56. ლიტ. - ღმრთისმშობ. - ებრ. 320 დას. IX, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
ლკ. I, 39-49, 56.
39. ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდას ქალაქს.
40. შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი.
41. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი.
42. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი!
43. ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა?
44. ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში.
45. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ.
46. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს,
47. გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო.
48. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა;
49. რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი.
56. სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის სახლში.
ებრ. IV, 1-7.
1. მაშ, გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესვლისა, რომელიმე თქვენგანი გარეთ არ დარჩეს.
2. რადგანაც სახარება ჩვენც მათსავით გვეუწყა, მაგრამ სიტყვა, რომელიც ისმინეს, ურგები დარჩა მათთვის, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას.
3. სიმშვიდეში კი ჩვენ, მორწმუნენი შევალთ, როგორც მან ბრძანა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“. თუმცაღა მისი საქმენი დასრულდნენ ჯერ კიდევ ქვეყნიერების დასაბამიდან.
4. ვინაიდან მეშვიდე დღეზე სადღაცა ასე თქმულა: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს მისი ყოველი საქმისგან“.
5. და კიდევ: „ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“.
6. და რაკი ზოგს კვლავაც შეუძლია მასში შესვლა, ხოლო ისინი, ვისაც უწინ ეხარათ, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, -
7. კვლავინდებურად აწესებს გარკვეულ დღეს, და დავითის პირით ამბობს - „დღესო“, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთ ითქვა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს“.
ლკ. X, 38-42; XI, 27-28.
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი.
39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას.
40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.
41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ;
42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.
28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.