დღის საკითხავები
ლიტ. - კოლ. 261 დას. IV, 10-18. ლკ. 63 დას. XII, 2-12. მოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. მთ. 36 დას. X, 16-22.
კოლ. IV, 10-18.
10. მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემთან ერთად ტყვედ ნამყოფი, აგრეთვე მარკოზი, ბარნაბას ბიძაშვილი, ვისზედაც გაცნობეთ, თუ გეწვიათ, შეიწყნარეთ-მეთქი,
11. და იესო, იუსტუსად წოდებული; წინდაცვეთილთაგან მხოლოდ ესენი მედგნენ მხარში ღვთის სასუფევლის ქადაგებისას, მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი ნუგეში.
12. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით.
13. მე ვუმოწმებ, რომ დიდად მოწადინებულია თქვენთვის, ლაოდიკელთა და ჰიერაპოლისელთათვის.
14. მოგიკითხავთ ლუკა, საყვარელი მკურნალი, და დემასი.
15. მოიკითხეთ ლაოდიკელი ძმები, აგრეთვე ნიმფასი და მისი შინაური ეკლესია.
16. როცა ამ წერილს წაიკითხავთ, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, მათთვის გაგზავნილი წერილი კი თქვენც წაიკითხეთ.
17. არქიპოსს უთხარით: შენ იცი, როგორ აღასრულებ მსახურებას, უფლისგან რომ მიიღე-თქო.
18. მოგიკითხავთ მე, პავლე, ჩემი ხელით. გახსოვდეთ ჩემი ტყვეობა. მადლი თქვენთან. ამინ.
ლკ. XII, 2-12.
2. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.
3. ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება.
4. თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ;
5. არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.
6. განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე.
7. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.
8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე.
9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე.
10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება.
11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო,
12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.
ეფ. VI, 10-17.
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,
17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
მთ. X, 16-22.
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.
17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ.
18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად.
19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი.
20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში.
21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.