ძველი სტილი
21 ოქტომბერი
კვირა
ახალი სტილი
3 ნოემბერი
სულთმოფენობიდან მე-20 კვირიაკე. ხმა 3.
ხსნილი ხსნილი
ღირსისა ილარიონ დიდისა (371-372); მოწამეთა: დასისა, გაიოზისა და ზოტიკესი (303).
დღის ლოცვა
ღირსი ილარიონ დიდის კონდაკი:
ვითარცა მნათობსა დაუვალსა გონიერისა მზისასა, შემოკრებულნი ესე პატივს გცემთ და შეგასხამთ გალობათა მიერ, რამეთუ გამოუბრწყინდი ბნელსა უღმრთოებისასა მსხდომარეთა, და ყოველნივე აღიყვანენ საღმრთოსა სიმაღლისა მიმართ, ილარიონ; ამისთვისცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, ჰოი მამაო, მოღუაწეთა სიმტკიცეო.
დღის საკითხავები
ცისკ. - სახ. მე-9 ინ. 65 დას. XX, 19-31. ლიტ. - გალ. 200 დას. I, 11-19. ლკ. 83 დას. XVI, 19-31. ღირს. - 2 კორ. 188 დას. I, 11-19. ლკ. 24 დას. VI, 17-23.
ინ. XX, 19-31.
19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!
20. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით.
21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ.
22. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა.
23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ.
24. ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან.
25. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ.
26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა!
27. მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.
28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს.
30. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში.
31. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.
გალ. I, 11-19.
11. გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი,
12. ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
13. თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.
14. ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს.
15. ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, -
16. კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს.
17. არც იერუსალიმს ავსულვარ, ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს.
18. სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სანახავად ავედი იერუსალიმს და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან.
19. სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა.

ლკ. XVI, 19-31.
19. იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას.
20. იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული.
21. ნატრობდა მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი; ხოლო ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს.
22. მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.
23. ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში.
24. შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში.
25. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.
26. ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან - ჩვენსკენ.
27. ხოლო მან თქვა: გევედრები, მამათ, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი.
28. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში.
29. უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ.
30. ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ.
31. და უთხრა მას აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან.
2 კორ. I, 11-19.
11. რაშიაც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა ამდენი ხალხის მეოხებით მიღებული მადლისათვის მრავალმა მოგვაგოს მადლი.
12. რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის.
13. სხვა რამეს კი არა გწერთ, არამედ იმას, რასაც კითხულობთ ან იმეცნებთ და, იმედი მაქვს, ბოლომდე შეიმეცნებთ.
14. ისევე, როგორც ნაწილობრივ უკვე შეიცნეთ, რომ ჩვენ თქვენი სიქადული ვართ, ხოლო თქვენ - ჩვენი, უფალ იესოს დღეს.
15. ამაში დარწმუნებული ჯერ თქვენთან ვაპირებდი მოსვლას, რათა მეორედაც მიგეღოთ მადლი;
16. თქვენგან კი მაკედონიაში წავსულიყავი, ხოლო მაკედონიიდან კვლავ გწვეოდით, რათა იუდეაში გაგეცილებინეთ.
17. ამის მოსურნე ცოტა ხომ არ ავმჩატდი? ან, იქნებ, რასაც ვფიქრობ, ხორციელად ვფიქრობ, რათა ერთდროულად მქონდეს "ჰო-ჰოც" და "არა-არაც"?
18. მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ არ ყოფილა ხან "ჰო" და ხან "არა".
19. რადგანაც ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენს შორის ვქადაგებდით მე, სილვანუსი და ტიმოთე, არ ყოფილა "ჰოც" და "არაც", არამედ მხოლოდ "ჰო" იყო მასში.
ლკ. VI, 17-23.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის ურჯულო იმპერატორ მაქსიმიანეს ზეობისას ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი ქალწული, სახელად ეკატერინე. წარმოშობით ბერძენი გახლდათ, სამეფო გვარის ჩამომავალი.