დღის საკითხავები
ცისკ. - ინ. 36 დას. X, 9-16. ლიტ. - იაკ. 51 დას. I, 19-27. მკ. 45 დას. X, 17-27. მეფ. - რომ. 111 დას. XII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.
1კორ IV, 9-16.
9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ.
10. ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი,
11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას.
12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.
13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი.
14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად.
15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ.
16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.
იაკ. I, 19-27.
19. მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.
20. რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს.
21. ამიტომ განიშორეთ ყოველგვარი მწიკლოვანება, ყოველგვარი ბოროტება და თვინიერებით შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა, რომელსაც შეუძლია იხსნას თქვენი სული.
22. მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენელნი თავის მოსატყუებლად.
23. რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, იმ კაცსა ჰგავს, თავის ბუნებრივ სახეს რომ უმზერს სარკეში.
24. დაინახავს თავის თავს, წავა და მყისვე ავიწყდება, როგორია მისი იერი.
25. მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.
26. თუ რომელიმე თქვენგანს ღვთისმოსავი ჰგონია თავი, მაგრამ ლაგამს კი არ ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა.
27. წმიდა და უმწიკვლო მსახურება ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ გაჭირვებაში მიხედო ქვრივ-ობლებს და ამ ქვეყნისაგან შეურყვნელად დაიცვა თავი.
მკ. X, 17-27.
17. გზას რომ დაადგა, ვიღაცამ მოირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?
18. იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმრთისა.
19. იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; არა შეურაცხყო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას?
20. ხოლო მან პასუხად უთხრა: მოძღვარო, ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან.
21. იესომ შეხედა, მოეწონა და უთხრა: ერთიღა გაკლია: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.
22. ხოლო ის შეაკრთო ამ სიტყვამ და დამწუხრებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
23. მიმოიხედა იესომ და თავის მოწაფეებს უთხრა: რარიგ ძნელია მდიდრისათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.
24. მოწაფეებს გაუკვირდათ ეს სიტყვები, ხოლო მან ხელახლა მიუგო და უთხრა მათ: შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრის მოყვარულთათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.
25. აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში.
26. ხოლო მათ უფრო უკვირდათ, და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?
27. იესომ შეხედა და უთხრა მათ: კაცთათვის ეს შეუძლებელია, მაგრამ არა ღმრთისთვის; ვინაიდან ყველაფერი შესაძლებელია ღმრთისთვის.
რომ. XIII, 1-10.
1. დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.
2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.
3. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.
4. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.
5. ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც.
6. სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი.
7. ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა.
8. არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული.
9. ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
10. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია.
ინ. X, 1-9.
1. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი.
2. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია.
3. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.
4. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას.
5. უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას.
6. ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა.
7. კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.
8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა.
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.