დღის საკითხავები
ცისკ. - სახ. მე-7, ინ. 63 დას. XX, 1-10. ლიტ. - ჯვართამაღლ. შემდგ. კვ. - გალ. 203 დას. II, 16-20. მკ. 37 დას. VIII, 34 - IX, 1.
ინ. XX, 1-10.
1. ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი.
2. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს.
3. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს.
4. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან.
5. დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა.
6. მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა.
7. ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ.
8. მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა.
9. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.
10. და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ.
გალ. II, 16-20.
16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი.
17. ხოლო თუ ქრისტეში ვეძებთ გამართლებას, მაგრამ თვითონ კი ვცოდეთ, ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურთა? არამც და არამც.
18. რადგანაც თუ კვლავ ვაგებ იმას, რაც დავანგრიე, ხომ შემცოდედ ვავლენ ჩემს თავს?
19. ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის.
20. ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.
მკ. VIII, 34 - IX, 1.
34. მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
35. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.
36. რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს?
37. ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?
38. რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით.
1. და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით.