ძველი სტილი
13 სექტემბერი
ოთხშაბათი
ახალი სტილი
26 სექტემბერი
სულთმოფენობიდან მე-18 შვიდეული. ხმა 8.
მარხვა მარხვა
ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335). წინადღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლებისა. წმიდისა დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); მღვდელმოწამისა კორნილი ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახლ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა ივლიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV).
დღის ლოცვა
ჯვართამაღლების წინადღესასწაული
ტროპარი:
ცხოველსმყოფელსა ჯუარსა შენსა, სახიერებისა შენისა ბეჭედსა, რომელი მოგუანიჭე ჩუენ ცოდვილთა, უფალო, შენდა შევწირავთ მეოხებად, დაიცევ სამწყსო შენი, რომელი გევედრება ღმრთისმშობლისა მიერ დიდისაებრ წყალობისა შენისა.
დღის საკითხავები

ცისკ. - მთ. 62 დას. XV, 21-28. ლიტ. - დიდმოწ. - 2 კორ. 181 დას. VI, 1-10. ლკ. 33 დას. VII, 36-50. განახ. - ებრ. 307 დას. III, 1-4. მთ. 67 დას. XVI, 13-18. რიგ. - ეფ. 231 დას. V, 25-33. მთ. 96 დას. XXIII, 29-39.

მთ. XV, 21-28.
21. წამოვიდა იქიდან იესო, და მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეს.
22. და აჰა, ერთი ქანაანელი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვიროდა მას და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან.
23. ხოლო მან ხმა არ გასცა. მიადგნენ მისი მოწაფეები და სთხოვეს: გაუშვი ეგ, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის.
24. ხოლო მან პასუხად თქვა: სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს.
25. ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, შემეწიე მე!
26. ხოლო მან პასუხად თქვა: არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური.
27. ქალმა კი უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს.
28. მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას: ეჰა, ქალო! დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს.

2კორ. VI, 1-10.
1. ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი.
2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე.
3. ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება.
4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში,
5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში,
6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში,
7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში,
8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი.
9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი;
10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.

ლკ. VII, 36-50.
36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა.
37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი;
38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა.
39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო.
40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი!
41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს - ორმოცდაათი;
42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი?
43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე.
44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.
45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს.
46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი.
47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული.
48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი.
49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო?
50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!

ებრ. III, 1-4.
1. ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური ხმობის ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, ქრისტე იესოს,
2. რომელიც ისეთივე ერთგულია თავისი შემოქმედისა, როგორც მოსე ღვთის სახლში.
3. ვინაიდან მოსესთან შედარებით უფრო მეტი დიდების ღირსი შეიქნა, ისევე, როგორც სახლთან შედარებით მეტი პატივი აქვს მის ამშენებელს.
4. რადგანაც ყველა სახლს ვიღაც აშენებს, ყოვლის ამშენებელი კი ღმერთია.

მთ. XVI, 13-18.
13. ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის მხარეს მივიდა, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა?
14. მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგს - იერემია თუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი.
15. კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე?
16. სიმონმა, იმავე პეტრემ, მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.
17. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ნეტარი ხარ შენ, სიმონ, იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ.
18. და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.

ეფ. V, 25-33.
25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,
27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.
28. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.
29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას.
30. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.
31. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.
32. ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა.

მთ. XXIII, 29-39.
29. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს;
30. და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
31. ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ.
32. და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების.
33. გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?
34. ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას;
35. რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის.
36. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე.
37. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.
38. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად.
39. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
მართლმადიდებლური ეკლესია 13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.