დღის საკითხავები
ლიტ. - ინდიქ. - 1 ტიმ. 282 დას. II, 1-7. ლკ. 13 დას. IV, 16-22. ღირ. - კოლ. 258 დას. III, 12-16. მთ. 43 დას. XI, 27-30.
1ტიმ. II, 1-7.
1. უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის,
2. მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით,
3. ვინაიდან ეს კეთილი და საამოა ღმერთის - ჩვენი მაცხოვრის თვალში,
4. რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას.
5. რადგანაც ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის: კაცი ქრისტე იესო,
6. რომელმაც თავი დადო ყველას გამოსასყიდად, რაც დამოწმებულ იქნა თავის დროზე;
7. რომლისთვისაც დადგენილი ვარ ქადაგად და მოციქულად (ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ), წარმართთა მოძღვრად რწმენითა და ჭეშმარიტებით.
ლკ. IV, 16-22.
16. მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა.
17. მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: გადაშალა წიგნი და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა:
18. სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,
19. ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად.
20. დახურა წიგნი, მისცა მსახურს და დაჯდა. მთელი სინაგოგა მისჩერებოდა მას.
21. და დაუწყო ლაპარაკი მათ: დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ.
22. ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?
კოლ. III, 12-16.
12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.
13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.
14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.
15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.
16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.