დღის საკითხავები
ცისკ. - მთ. 36 დას. X, 16-23. ლიტ. - 2 კორ. 183 დას. VII, 1-10. მკ. 5 დას. I, 29-35. მოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.
მთ. X, 16-23.
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.
17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ.
18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად.
19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი.
20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში.
21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
23. და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა.
2კორ. VII, 1-10.
1. ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.
2. შეგვითვისეთ: არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია რამე და არც ანგარება გამოგვიჩენია ვისიმე მიმართ.
3. განსაკითხავად როდი ვამბობ: ვინაიდან უწინაც მითქვამს, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა ერთად მოვკვდეთ და ერთად ვიცოცხლოთ.
4. დიდი იმედი მაქვს თქვენი, დიდად ვიქადი თქვენით; ნუგეშითა ვარ სავსე და, მთელი ჩვენი გაჭირვების მიუხედავად, სიხარულით ვარ აღვსილი.
5. რადგანაც მაკედონიაში ჩასვლისას ვერავითარი სიმშვიდე ვერ ჰპოვა ჩემმა ხორცმა, არამედ ყოველი მხრიდან შევიწროებულნი ვიყავით: გარედან - თავდასხმები, შიგნით კი - შიში.
6. მაგრამ მდაბალთა მანუგეშებელმა გვანუგეშა ჩვენ ღმერთმა ტიტეს მოსვლით;
7. და არა მარტო მოსვლით, არამედ ნუგეშითაც, რომლითაც ნანუგეშები იქნა ჩვენგან, - როცა გადმოგვცა თქვენი სურვილი, თქვენი გოდება, თქვენი თავგამოდება ჩემს მიმართ, ასე რომ, უმეტესად გავიხარე.
8. ამიტომ, თუ ჩემი წერილით დაგამწუხრეთ, არ ვნანობ, თუმცა კი ლამის ვინანე, რადგანაც ვხედავ, რომ ჩემმა წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით.
9. ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან.
10. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია.
მკ. I, 29-35.
29. სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა, იაკობსა და იოანესთან ერთად.
30. ხოლო სიმონის სიდედრი ცხელებით შეპყრობილი იწვა. და მაშინვე უთხრეს მისი ამბავი.
31. მავიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა; მყისვე გაუარა ცხელებამ და ემსახურებოდა მათ.
32. ხოლო საღამოს, მზის ჩასვლისას, მიჰგვარეს მას ყველა სნეული და ეშმაკეული.
33. და მთელმა ქალაქმა კარწინ მოიყარა თავი.
34. მრავალი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, მრავალი ეშმაკი განდევნა და არა რთავდა ეშმაკებს იმის თქმის ნებას, რომ ისინი იცნობდნენ მას.
35. ხოლო ცისკრისას, დილაუთენია ადგა და გამოვიდა; უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა.
2ტიმ. II, 1-10.
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით,
2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც.
3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.
4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს.
5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს.
6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი.
7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს.
8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით.
9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს.
10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.
ინ. XV, 17 - XVI, 2.
17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.
18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ.
19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას.
20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ.
21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.
22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის.
23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც.
25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ.
26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის.
27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ.
2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.