დღის საკითხავები
ცისკ. - სახ. მე-2, მკ. 70 დას. XVI, 1-8. ლიტ. - 1 კორ. 166 დას. XVI, 13-24. მთ. 87 დას. XXI, 33-42.
მკ. XVI, 1-8.
1. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.
2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან.
3. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო?
4. მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო.
5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ.
6. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი.
7. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ.
8. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.
1კორ XVI, 13-24.
13. იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით.
14. სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე.
15. ხომ იცნობთ სტეფანეს სახლს, პირველნაყოფს აქაიისას, წმიდათა სამსახურს რომ მიუძღვნა თავი;
16. შეგაგონებთ, ძმანო, მორჩილნი იყავით მისნაირთა და ყველა თანამოსაქმისა თუ მოღვაწის მიმართ.
17. გამახარა სტეფანეს, ფორტუნატუსისა და აქაიკოსის მოსვლამ, რადგანაც მათ შემივსეს თქვენი სიშორე,
18. ასე რომ, ჩემს სულსაც მოუფონეს და თქვენსასაც; პატივი ეცით ამნაირთ.
19. მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები; გულითად მოკითხვას გითვლიან უფლის მიერ აკვილა და პრისკილა მათი შინაური ეკლესიითურთ.
20. მოგიკითხავთ ყველა ძმა; მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.
21. მოგიკითხავთ ჩემი საკუთარი ხელით, პავლე.
22. ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა!
23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან.
24. ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოს მიერ. ამინ.
მთ. XXI, 33-42.
33. სხვა აგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნანელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.
34. და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან.
35. ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს.
36. ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს.
37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.
38. მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ.
39. შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს.
40. მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს?
41. უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს.
42. უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.